მსოფლიოს ულტრამდიდრები, რომელთა ქონების წმინდა ღირებულება $30 მილიონს სცდება, თავიანთი ფინანსების ინვესტიციისთვის ძირითადად რამდენიმე მიმართულებას ირჩევენ ხოლმე. ულტრამდიდრების ქონების გადანაწილებაზე მონაცემები Knight Frank-მა 2023 წლის სიმდიდრის ანგარიშში წარმოადგინა. რეიტინგი ეფუძნება ხუთასზე მეტი კერძო ბანკირის, სიმდიდრის მენეჯერისა და ოჯახის ოფისის გამოკითხვებს, რომლებიც კოლექტიურად $2.5 ტრილიონის აქტივებს ზედამხედველობენ.
Knight Frank-ის მონაცემებით, ულტრამდიდრების საერთო სიმდიდრის 32%-ს და, შესაბამისად, უმსხვილეს აქტივსაც საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. სიმდიდრის ანგარიშში წარმოდგენილი თითო პირი საშუალოდ 3.7 სახლს ფლობს. აქციებში ინვესტიციები ულტრამდიდრების ქონების თითქმის 20%-ს შეადგენს, ამ მხრივ აქციებში ინვესტიციების ყველაზე მაღალი მოცულობით ამერიკელები გამოირჩევიან – 33%, შემდეგ მოდის ევროპა – 28%-ით და აზია – 26%-ით.
კერძო კაპიტალისა და ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციები, რომლებიც მათ შორის მოიცავს ინვესტიციებს სტარტაპებში, რომელთა აქციების საჯაროდ განთავსება ჯერ არ მომხდარა, ულტრამდიდრების კოლექტიური სიმდიდრის 6%-ს წარმოადგენს. Titanbay-ის ცალკეული ანგარიში გვიჩვენებს, რომ ულტრამდიდრების საშუალო ინვესტიცია კერძო კაპიტალის კომპანიაში საშუალოდ $1.8 მილიონიდან $6.9 მილიონამდე მერყეობს.
ფუფუნების საგნებში ჩადებული ინვესტიციები, ხელოვნების ნიმუშებით დაწყებული, კლასიკური მანქანებით დასრულებული, ულტრამდიდრების საერთო ქონების საშუალოდ 3%-ს მოიცავს. ამ ნივთების დიდი ნაწილი ღირებულებას დროთა განმავლობაში ინარჩუნებს. რეალურად, რთული ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, რომლის დროსაც S&P 500 დაახლოებით 19%-ით დაეცა, ფუფუნების საგნების ათეულში წარმოდგენილი ნივთების ღირებულება (მათ შორისაა ხელოვნების ნიმუშები, საათები, სამკაულები, ღვინო, ვისკი) 2022 წლის განმავლობაში გაიზარდა.
ხელოვნების ბაზარზე მხოლოდ გასულ წელს ფასები 29%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი მატება იყო ფუფუნების საგნებში. მდიდრული მანქანებისა და საათების შემთხვევაშიც ფასების საკმაოდ მაღალი, შესაბამისად, 25%-იანი და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ცნობისთვის, 2022 წელს გლობალურად იმ პირთა რაოდენობა, რომელთა ქონების წმინდა ღირებულება $30 მილიონს აჭარბებდა, დაახლოებით 579,000-ს უტოლდებოდა. ულტრამდიდრების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკში, ტოკიოსა და სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. მომავალი 5 წლის განმავლობაში ულტრამდიდრების გლობალური რიცხვი სავარაუდოდ 29%-ით, 744,000 ადამიანამდე გაიზრდება.
ულტრამდიდართა მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები პროცენტულად შემდეგნაირად გამოიყურება:
- საცხოვრებელი სახლები – 32%
- აქციები – 18%
- კომერციული საკუთრება – 14%
- ობლიგაციები – 12%
- კერძო კაპიტალი / ვენჩურული კაპიტალი – 6%
- კომერციული საკუთრების ფონდები – 5%
- კომერციული საკუთრება REITs -3%
- ფუფუნების საგნები – 3%
- ოქრო – 2%
- კრიპტოაქტივები – 1%
- სხვა – 4%