რატომ გაძვირდა ელექტროენერგია?

რატომ გაძვირდა ელექტროენერგია?

მიმდინარე წლის აგვისტოდან საქართველოს რეგიონებში, ხოლო სექტემბრიდან თბილისში ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 4 თეთრით გაძვირდა. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება დასახელდა. თუმცა საინტერესოა, რატომ და რამდენად აქვს ლარის კურსს ტარიფზე გავლენა.

საქართველოში საქონლისა და მომსახურების გასაყიდი ფასი ძირითადად საბაზრო მექანიზმით, მოთხოვნა-მიწოდების გზით განისაზღვრება. მიმწოდებლები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, რომ რაც შეიძლება ხელსაყრელ ფასში შესთავაზონ მომხმარებელს ესა თუ ის საქონელი და მომსახურება. შედეგად, ბაზარზე ყალიბდება წონასწორული ფასი, რომელიც ოპტიმალურ ფასად არის მიჩნეული, რადგან ამ დროს არ ხდება პროდუქციის ჭარბი მიწოდება ან დეფიციტი. აქ გამონაკლისია ელექტროენერგიის ფასი, რადგან მისი ბაზარი სპეციფიკურია. იმის გამო, რომ რთულია ორი ან მეტი ელექტროგადამცემი ხაზის ქსელი მოეწყოს ნებისმიერ ქალაქში ან სოფელში, ბაზარზე ელექტროენერგიის მიმწოდებელი ერთი კომპანიაა (თბილისში – “თელასი”, რეგიონებში – “ენერგოპრო”) და კონკურენცია ვერ მყარდება. ასეთ მოცემულობას ეკონომიკაში ბუნებრივ მონოპოლიას უწოდებენ და სახელმწიფოს მხრიდან, აკრძალვის ნაცვლად, მათი რეგულირება ხდება. სახელმწიფო ერევა სამომხმარებლო ტარიფის ზედა ზღვრის დადგენაში. საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ადგენს. ფასის დადგენისას სემეკი ელექტროენერგიის თვითღირებულებას, განაწილების ტარიფსა და ენერგოკომპანიების მოგების წილს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სემეკი ტარიფს განსაზღვრავს ელექტროენერგიის შიდა მიწოდებისთვის (საქართველოს ტერიტორიაზე), ხოლო საექსპორტო ელექტროენერგიის ტარიფის განსაზღვრაში არ ერევა, თუმცა ელექტროენერგიის მწარმოებლებს მოეთხოვებათ, გამომუშავებული ელექტროენერგიის გარკვეული წილი შიდა მიწოდებაზე მიმართონ.

ბოლო ათწლეულში საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი რამდენიმეჯერ შეიცვალა. 2006 წელს ტარიფის მნიშვნელოვანი მატება მოხდა. ის 10 თეთრიდან საშუალოდ 15 თეთრამდე გაიზარდა. აღნიშნულმა ცვლილებამ ელექტროენერგიის მიწოდება გაზარდა, ხოლო მოსახლეობამ ელექტროენერგიის უფრო ეკონომიურად მოხმარება დაიწყო, რის შედეგადაც საქართველომ 24-საათიან ენერგომომარაგებას მიაღწია. 2007 წელს 2006 წელთან შედარებით საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 300%-ით გაიზარდა. მათ შორის, ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული პროდუქცია 377%-ით გაიზარდა.

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2012 წლის ბოლოს სემეკსა და ენერგოკომპანიებს ტარიფის შემცირების რესურსის მოძიება “დაევალათ”. 2013 წლის პირველი იანვრიდან ტარიფი მართლაც შემცირდა. მოსახლეობისთვის 300 კვტსთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი 3.54 თეთრით, ხოლო 300 კვტსთ-ს ზემოთ დაახლოებით 2.7 თეთრით შემცირდა. იურიდიული პირებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა. ტარიფის შემცირება ძირითადად ენერგოკომპანიების მოგების წილის შემცირების ხარჯზე მოხდა, რის სანაცვლოდაც კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები შეუმცირდათ. 2012 წლის ბოლოს ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიმდინარე წლის 25 ივლისს, რუსთავი 2-ის საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა, განაცხადა: “რაც შეეხება ენერგოკომპანიებთან ხელშეკრულებებს, რომლებიც გაუქმდა, მათ შესაბამისად დარგში ასეულობით მილიონის ინვესტირება უნდა მომხდარიყო”.

ტარიფის შემცირება ენერგეტიკის სფეროში მოზიდულ ინვესტიციებზეც აისახა. 2014 წელს 2012 წელთან შედარებით ენერგეტიკის დარგში 45%-ით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2015 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციები კიდევ უფრო შემცირდა და სულ $20 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 78%-ით ნაკლებია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რადგან სახელმწიფოს მიერ საექსპორტო ელექტროენერგიის ტარიფის ზედა ზღვარი არ არის განსაზღვრული, ინვესტიციების შემცირება შესაძლოა, მხოლოდ შიდა მოხმარების ტარიფის შემცირებით არ არის გამოწვეული და მასზე უარყოფით გავლენას ბიზნესგარემოზე მოქმედი სხვა ფაქტორებიც ახდენენ.

2014 წელს გაუარესდა ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობის ბალანსიც. გაუარესება იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდამ გამოიწვია. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით 64%-ით მეტი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.

ენერგეტიკის სექტორს დამატებითი პრობლემები შეუქმნა ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებამ. 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს ელექტროენერგიის შიდა მოხმარებაში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 7.7%-ია. მოხმარებული ელექტროენერგიის 19% თბოსადგურების მიერაა გამომუშავებული, რომლებიც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იმპორტირებულ ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ლარის კურსის გაუფასურება ლარებში გამოხატულ იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და თბოსადგურებისთვის საჭირო ბუნებრივ აირს აძვირებს. ვალუტის კურსის გარდა, მნიშვნელოვანია იმპორტირებული ელექტროენერგიის დოლარში შესასყიდი ფასის ცვლილება. ამ მხრივ, მზარდი ტენდენციაა.

2012 წლის ბოლოდან მიმდინარე წლის ივლისამდე (როდესაც ენერგოკომპანიებმა ტარიფის ზრდა მოითხოვეს) ლარის საშუალო წლიური კურსი 32%-ით გაუფასურდა. ამასთან, 2012 წლის შემდეგ იმპორტირებული კვტსთ ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი 1.23 ცენტით (23%-ით) გაიზარდა. ჯამში, ლარის გაუფასურებამ და იმპორტირებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის მატებამ კვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება 5.5 თეთრით (62%-ით) გაზარდა.

სამომხმარებლო ტარიფზე იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასზე მეტად თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულების ცვლილებას აქვს გავლენა. თბოსადგურებზე მოდის მოხმარებული ელექტროენერგიის 19%. ბუნებრივი აირის ფასი დოლარში ფიქსირებულია, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, 2012 წელთან შედარებით, თბოსადგურებს ყოველ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 32%-ით მეტი ლარის გადახდა უწევთ.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებას ზრდის ტენდენცია აქვს. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით მოხმარება 2.6%-ით გაიზარდა, 2014-ში 2013 წელთან შედარებით – 6.4%-ით. 2015 წლის იანვარ-ივლისში კი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოხმარება 6.2%-ით გაიზარდა. შიდა მოხმარების ზრდას ვერ პასუხობს შიდა წარმოების ზრდა. შესაბამისად, იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე საქართველოს დამოკიდებულება იზრდება. ეს, ერთი მხრივ, ზრდის იმპორტის ხარჯებს (ქვეყნიდან გაედინება მეტი დოლარი) და, მეორე მხრივ, სამომხმარებლო ტარიფის ლარის გაცვლით კურსზე დამოკიდებულებაც იზრდება.

2013 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი რომ არ შემცირებულიყო, ახლა ტარიფის ზრდის აუცილებლობა არ იქნებოდა, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება მნიშვნელოვნად იქნებოდა გაზრდილი და, შესაბამისად, იმპორტზე ნაკლებად ვიქნებოდით დამოკიდებული.

ელექტროენერგიის თვითღირებულების ზრდით დაზარალებულმა კომპანიებმა – “ენერგოპრომ” და “თელასმა” სემეკს სამომხმარებლო ტარიფის ზრდის განაცხადებით მიმართეს. 23 ივლისის სხდომაზე სემეკმა ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, რეგიონებში ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ერთი კვტსთ-ის ტარიფი, დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით, 4 თეთრით გაიზარდა, თუმცა, “ენერგოპრო” ტარიფის 4.5 თეთრით ზრდას ითხოვდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დროს ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.26 იყო, სექტემბერში კი კურსმა 2.42-ს მიაღწია. 3 სექტემბერს სემეკმა “თელასის” მოთხოვნაც დააკმაყოფილა და ტარიფი თბილისშიც დაახლოებით 4 თეთრით გაიზარდა, “თელასი” კი ტარიფის 5.5 თეთრით ზრდას ითხოვდა. სემეკმა აღნიშნული ტარიფები 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე დაადგინა და ლარის კვლავ გაუფასურების შემთხვევაში, ისევ გადახედავს სამომხმარებლო ტარიფს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლარის გაუფასურება, საგარეო ფაქტორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურმა პოლიტიკამაც განაპირობა. ლარის კურსის გაუფასურება კი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გარდაუვალი მიზეზი გახდა.

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება განახორციელოს, რაც ბიუჯეტის ხარჯების ზრდას გამოიწვევს. ბუნებრივია, სუბსიდირება ენერგოსექტორის გაჯანსაღებისა და ზოგადი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების გზა არ არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტიდან პერიოდულად ბევრი ფულის ხარჯვა და შიდა ვალის აღებაა, სუბსიდირება კიდევ უფრო ზრდის რისკებს ვალუტის კურსის სტაბილურობის მიმართ და, აქედან გამომდინარე, თუნდაც გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნების ალბათობა კლებულობს.