რაზე ესაუბრა შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს?

რაზე ესაუბრა შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს?

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სატელეფონო ზარის საშუალებით ესაუბრა.

საუბრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განცხადება X-ზე გამოაქვეყნა:

„საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და პრემიერ კობახიძეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ქართველებს ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში, მათ შორის [მხარს ვუჭერ] ყველა მხარეს ლეგიტიმური წუხილების მოგვარების საუკეთესო გზების მოძებნაში“.  

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და მისი მიღების გამო ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღა იყო. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილს პოლარიზაციის შემცირებისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, ირაკლი კობახიძეს კი პოლიტიკური ტურბულენტური სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდა. შარლ მიშელმა განმარტა, რომ მიღებული კანონის შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

შეგახსენებთ, შარლ მიშელი მაღალი თანამდებობის მორიგი ევროპელი ლიდერია, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმიანება და ქართველ ხალხს ევროპული მომავლისკენ სვლაში მხარდაჭერას უცხადებს.