რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით ირანში იმყოფებიან. ისინი ირანის მთავრობასთან სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, პუტინმა, ერდოღანმა და რაისიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
მხარეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა შესაძლო საშუალებითა და ფორმით გააგრძელებენ. თუმცა, მათ უარყვეს ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით სირიაში ახალი რეალობის შექმნის მცდელობა. სამი ქვეყნის ლიდერის თქმით, ისინი ვალდებულნი არიან, სირიის სუვერენიტეტი შეინარჩუნონ.
პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ იდლიბში არსებულ დეესკალაციის ზონაში სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს. გარდა ამისა, მათ გაეროსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სირიისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გაერომ ტრანს-სასაზღვრო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროექტი სირიაში კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა.
საინტერესოა, რომ პრეზიდენტებმა სირიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმებიც დაგმეს. ლიდერებმა ისრაელის მოქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასეს, რაც, მათივე თქმით, რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს.
პრეზიდენტების განცხადებით, მომდევნო სამმხრივი შეხვედრის ფორმატი 2022 წლის ბოლომდე რუსეთში გაიმართება.