საკითხთან დაახლოებული პირების მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური მედიის პლატფორმა Reddit-ი მიმდინარე წლის მეორე ნახევრისთვის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, Reddit-ს IPO-სათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია განახლებული აქვს და ბაზრის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე დებიუტისათვის ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით Reddit-ი ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, გასულ წელს საკუთარი აქციები საჯაროდ ვაჭრობისათვის საფონდო ბირჟაზე რამდენიმე მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ გაიტანა. თუმცა, ბაზრებზე კაპიტალის არათანაბარმა განაწილებამ და ცვალებადობამ ინვესტორების განწყობებსა და მოლოდინებზე უარყოფითად იმოქმედა. შესაბამისად, გასული წელი ახალბედა IPO-ებისათვის წარმატებული არ გამოდგა.
საინტერესოა, რომ 2021 წლის დეკემბერში Reddit-მა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლებს IPO-ს შესახებ განაცხადი კონფიდენციალურად წარუდგინა.