სოციალური მედიაპლატფორმა Reddit-ის IPO ახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება, რაც კომპანიის რამდენიმე წლის წინანდელ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. საკითხთან დაახლოებული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Reddit-ის ერთი აქციის ღირებულება საფონდო ბირჟებზე თავდაპირველად $31-$34-ით შეფასდება.
გარდა ამისა, საფონდო ბირჟებზე Reddit-ი ინვესტორებისა და თანამშრომლების მფლობელობაში არსებულ აქციებთან ერთად, ახალ აქციებსაც გამოუშვებს. ცნობისათვის, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2021 წელს $10 მილიარდს შეადგენდა. IPO-სთვის Reddit-ი საკუთარი აქციების 10%-ის დათმობას აპირებს.
გასულ თვეს Reddit-მა მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს კომპანიის შემოსავლები 21%-ით გაიზარდა, ზარალი კი $90.8 მილიონამდე შემცირდა.
კომპანიამ აქციების საჯაროდ განთავსებაზე შესაბამისი მოთხოვნის ფორმა გასულ კვირას შეავსო. ჯერჯერობით უცნობია, აპლიკაციის წარმატების შემთხვევაში კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე როდის განთავსდება.