მედიასააგენტო Reuters-ი, გერმანულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინამ გერმანიისაგან დიდი რაოდენობით თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემის შესახებ შეთავაზება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა იარაღის მწარმოებელმა Krauss-Maffei Wegmann-მა უკრაინელებს 100 ერთეული საარტილერიო შეიარაღება, თვითმავალი ჰაუბიცა შესთავაზა.
გერმანულმა წყარომ Reuters-ს დაუდასტურა, რომ აღნიშნული შეთავაზება ნამდვილად არსებობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გერმანელებს უკრაინელებისათვის საკუთარი ძველი ჰაუბიცები უნდა მიეწოდებინათ, სანაცვლოდ კი Krauss-Maffei-საგან 2024 წლამდე ახალ საარტილერიო დანადგარებს მიიღებდნენ. თუმცა, კონკრეტულად რა ტიპის თვითმავალ არტილერიაზეა საუბარი ჯერ-ჯერობით უცნობია. Reuters-ი კომენტარის გასაკეთებლად Krauss-Maffei-ს ვერ დაუკავშირდა, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ კი თავი შეიკავა.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ინფორმაცია სლოვაკეთის მიერ უკრაინელებისათვის ZUZANA 2-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების მიყიდვის შესახებ, რომელთა მოქმედების მანძილიც 40-დან 50კმ-მდე მერყეობს. გერმანელების მხრიდან ზემოთ აღნიშნული სიახლის დადასტურების შემთხვევაში კი უკრაინელების ახლო მანძილზე მოქმედი საველე საარტილერიო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიუხედავად მოქმედების მანძილის სიმცირისა, ჰაუბიცების უპირატესობა მათი მარტივად გადაადგილების შესაძლებლობაშია.