ბრიტანელმა ბიზნესმაგნატმა რიჩარდ ბრენსონმა პირველი გრანდიოზული საკრუიზო ლაინერი წარადგინა, რომელიც ახალგაზრდა მოგზაურებისთვის იქნება განკუთვნილი.
კორპორაცია Virgin Group-ის დამფუძნებლის გამოშვებულ საკრუიზო ლაინერს Scarlet Lady-ი ჰქვია. ხომალდი ამჟამად ინგლისის ერთ-ერთ პორტშია გაჩერებული და ცურვას აპრილიდან დაიწყებს. რიჩარდ ბრენსონის საკრუიზო ლაინერი ძირითადად ტურებს კარიბის ზღვაში განახორცილებს.
“Scarlet Lady-ი ნამდვილად განსაკუთრებულია, ჩვენ მასზე ვიმუშავეთ მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად დიზაინერებთან, ხელოვანებთან და არქიტექტორებთან ერთად, რათა ეს ექსტრაორდინალური ხომალდი შეგვექმნა“, – განაცხადა ბრენსონმა ხომალდის პრეზენტაციისას.
Scarlet Lady-ი ბრენსონის კომპანია Virgin Voyages-ის მიერ გამოშვებული გემია, რომელიც პირველია იმ სამ ხომალდს შორის, რომელზეც კომპანია მუშაობს. კიდევ ორი ხომალდი, როგორც მოსალოდნელია 2021 და 2022 წლებში უნდა გამოვიდეს.
Scarlet Lady-ი დაახლოებით 60 000 ტონას იწონის. გემების მშენებელი Fincantieri-ის ინფორმაციით, ხომალდი 278 მეტრის სიგრძის და 38 მეტრი სიგანისაა. მას 1 430 კაბინა აქვს და ერთდროულად 2 770 მგზავრისა და ეკიპაჟის 1 160 წევრის გადაყვანა შეუძლია.
რიჩარდ ბრენსონის ქონება Forbes-ის მიხედვით, 4.1 მლრდ დოლარს შეადგენს.