სტივ ბალმერის ქონება 91 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს და ის სიმდიდრით მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. ბალმერი ბილ გეიტსის თანაკურსელი და შემდეგ ბიზნესპარტნიორი იყო „მაიკროსოფტში“. ასევე, ის იყო ბილ გეიტსის მეჯვარე, როდესაც გეიტსი მელინდა ფრენჩზე დაქორწინდა.
სტივ ბალმერი 1956 წელს აშშ-ში, ქალაქ დეტროიტში დაიბადა. მამამისი ფრედერიკ ჰენრი ბალმერი კომპანია „ფორდში“ მუშაობდა მენეჯერად, დედა ბეატრის დვორკინი კი შეძლებული ებრაული ოჯახიდან იყო. სტივს მატერიალურად უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა, სწავლობდა დეტროიტის კერძო სკოლაში, საიდანაც სამი წელი ბელგიაში გაატარა. განსაკუთრებით გამორჩეული მათემატიკაში იყო, უმაღლეს ქულებს იღებდა.
უმაღლესი განათლების მისაღებად ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა მეცნიერების შემსწავლელ პროგრამაზე, სადაც ბილ გეიტსი გაიცნო. მისი უნივერსიტეტში სწავლის დროს ამერიკის მათემატიკოსთა ასოციაციამ მათემატიკაში ჩემპიონატი ჩაატარა, სადაც ყველაზე მაღალი ქულა სტივ ბალმერმა მიიღო. აღნიშნულ შეჯიბრში ბილ გეიტსიც მონაწილეობდა.
მისი პირველი სამსახური, სადაც ორი წელი გაატარა, Procter & Gamble-ში პროდუქტების მენეჯერის ასისტენტად მუშაობა იყო. შემდეგ მაგისტრის ხარისხის მისაღებად სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა არ დაუსრულებია, რადგან 1980 წელს სწავლა შეწყვიტა და „მაიკროსოფტის“ გუნდს შეუერთდა.
„მაიკროსოფტი“ 1975 წელს ბილ გეიტსმა და მისმა სკოლის მეგობარმა პოლ ალენმა დააარსეს. სტივ ბალმერი „მაიკროსოფტის“ 30-ე თანამშრომელი გახდა. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც გეიტსმა ბიზნესმენეჯერად დაიქირავა. მაღალ ხელფასთან ერთად ბალმერმა კომპანიის 8%-იანი წილიც მიიღო. აღნიშნული წილის ნახევარი 2003 წელს ერთ მილიარდ დოლარად გაყიდა.
1980-2000 წლებში ბალმერმა „მაიკროსოფტში“ სხვადასხვა მიმართულებას უხელმძღვანელა, მათ შორის: ოპერაციებს, ოპერაციული სისტემების განვითარებას, გაყიდვებს და ა.შ. 1992 წლიდან კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 1998-1999 წლებში კი – კომპანიის პრეზიდენტი. რეალურად ბილ გეიტსის შემდეგ ის „მეორე კაცი“ იყო კომპანიაში. 2000 წლიდან მან ბილ გეიტსი ჩაანაცვლა „მაიკროსოფტის“ აღმასრულებელი დირექტორის (CEO) თანამდებობაზე და ეს პოზიცია 2014 წლამდე ეკავა. ამ პერიოდში ბილ გეიტსს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. თუმცა ამ წლებში ბალმერსა და გეიტსს შორის ურთიერთობა დაიძაბა ზოგიერთ საკითხზე უთანხმოების გამო – ისინი ახლო მეგობრები აღარ იყვნენ.
„მაიკროსოფტის“ წარმატებებთან და შემოსავლის ზრდასთან ერთად სტივ ბალმერის ქონებაც იზრდებოდა. 2015 წელს ის უკვე 15 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა. მისი ხელმძღვანელობით კომპანიის შემოსავალი 25 მილიარდი დოლარიდან 70 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში „მაიკროსოფტმა“ შეისყიდა Skype-ი, გახსნა მონაცემთა ახალი ცენტრები და დააარსა კომპანია Xbox-ი. 2014 წელს შეიძინა „ნოკიას“ ტელეფონების წარმოების ხაზი.
2015 წლიდან ბალმერი აქტიურ ბიზნესში აღარ არის, ძირითადად ქველმოქმედებითაა დაკავებული. ის ასევე მფლობელია ამერიკის საკალათბურთო გუნდის „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“, რომელიც 2 მილიარდ დოლარად შეიძინა. მისი ქონება ძირითადად სხვადასხვა კომპანიაში წილებია, რომელთა საბაზრო ღირებულების ზრდის გამო ბალმერის ქონება 2014 წლის შემდეგ თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.