2021 წელს ხუთმა ყველაზე მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შემოსავლების სახით ჯამურად 1.4 ტრილიონი აშშ დოლარ მიიღო. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი მეტია მექსიკის, ინდონეზიის, ესპანეთისა თუ ბრაზილიის მთლიან შიდა პროდუქტზე. ამიტომაც, საინტერესოა თუ როგორ გამოიმუშავებენ Apple-ი, Amazon-ი, Google, Meta თუ Microsoft-ი საკუთარ მილიარდებს.
დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შემოსავლების ორი წყარო აქვთ: 1. ისინი თქვენზე საკუთარ პროდუქციას ყიდიან, 2. ან თქვენ გიყენებენ სპონსორებისგან რეკლამის მისაღებად. Apple, Amazon-ი და Microsoft-ი სწორედ პირველი კატეგორიის ტექნოლოგიური კომპანიები გახლავთ. ტრადიციული ბიზნესების მსგავსად მომხმარებლებს ისინიც რაიმე ფიზიკურ ან ციფრულ პროდუქტს სთავაზობენ ფულის სანაცვლოდ. მაგალითად, Apple-ის შემოსავლების ნახევარზე მეტი სწორედ iPhone-ის გაყიდვებით გენერირდება. Microsoft-ის შემოსავლების მესამედს კი Azure-ის გაყიდვები წარმოადგენს. რაც შეეხება Amazon-ს, კომპანიის შემოსავლების 50%-ი ონლაინ მაღაზიებზე მოდის.
მეორე მხრივ, Meta-სა და Alphabet-ს (Google-ის მშობელ კომპანიას) განსხვავებული სტრატეგიები და მიდგომები აქვთ. აღნიშნული კომპანიები კონკრეტული ფიზიკური ან ციფრული პროდუქტების გაყიდვის ნაცვლად, საკუთარ მილიარდებს სწორედ მომხმარებლების „ყურადღების გაყიდვით“ გამოიმუშავებს. მაგალითად, Meta-ს შემოსავლების 98%-ი სწორედ Facebook-ის რეკლამებით გენერირდება. Google-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 81%-ს უტოლდება.
თუმცა, მიუხედავად შემოსავლების განსხვავებული წყაროებისა, ამ კომპანიებს ერთი რამ აქვთ საერთო: გასული წლების განმავლობაში მათი შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. სრულიად ლეგიტიმურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე დიდი გავლენა პანდემიამაც იქონია. პანდემიის დროს არსებულმა შეზღუდვებმა ისეთი საჭიროებები წარმოშვა, რომლებიც სწორედ ზემოთ აღნიშნულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დააკმაყოფილეს.
მიუხედავად გაზრდილი უმუშევრობისა და პანდემიით გამოწვეული ქაოსისა მათ ამ წლების განმავლობაში რეკორდული შემოსავლების მიღება მაინც შეძლეს. 2019 წელს დიდი ტექნოლოგიური კომპანიების საერთო შემოსავლები 12%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს კი მიუხედავად ეკონომიკური აღდგენის პროცესების შეფერხებისა, ზრდამ 19% შეადგინა. რაც შეეხება უშუალოდ პანდემიის მიმდინარეობას, 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 27%-ს გაუტოლდა. ეს კი სწორედ ზემოთ გაჟღერებული ფაქტორებით აიხსნება.
უფრო კონკრეტულად, კარანტინმა და მთავრობების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ადამიანებს ონლაინ შოპინგისკენ უბიძგა. ამან კი ელექტრონული კომერციის ინდუსტრია შეიძლება ითქვას გამოაცოცხლა. თანაც ისე, რომ პანდემიის დასასრულისაკენ სვლისდა მიუხედავად, მომხმარებლები ონლაინ შოპინგისთვის თავის დანებებას არ გეგმავენ. პანდემიის დროს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა ოფისები და სამუშაო ადგილებიც. ამან კი ლეპტოპებზე, მობილურებსა და Cloud სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.
თუმცა, პანდემია თანდათანობით დასასრულს უახლოვდება. ქვეყნების უმეტესობაც შეზღუდვებს ხსნის და ადამიანები ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების განვითარების ტემპები შეფერხდება. მათ პანდემიისას მომხმარებლებს ისეთი გადაწყვეტები შესთავაზეს, რომლებიც რეალურად პრაქტიკული აღმოჩნდა. მათ შორის ძალიან ბევრმა კომპანიამ გაიაზრა, რომ საკუთარი თანამშრომლებისათვის ჰიბრიდული რეჟიმის შეთავაზება შესაძლოა უფრო პროდუქტიულიც აღმოჩნდეს. გარდ ამისა, ელექტრონული კომერციის ინდუსტრია სხვადასხვა პროგნოზით 2025 წლამდე 7 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზრდება.