როგორ იქცა მილიარდერად AMD-ის ლისა სუ გენერაციული AI-ის დახმარებით?

როგორ იქცა მილიარდერად AMD-ის ლისა სუ გენერაციული AI-ის დახმარებით?

ამერიკული Forbes-ი AMD-ის აღმასრულებელი დირექტორის მიერ მიღწეულ წარმატებასა და მის მილიარდერად ქცევაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის როლზე გვიყვება. როგორც გამოცემა წერს, ტაივანში დაბადებული სუ ბავშვობაში მშობლებთან ერთად აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა. ამჟამად კი ის 26 ამერიკელი თვითშემდგარი ქალიდან ერთ-ერთია. გარდა ამისა, შედის იმ 26 დაქირავებულ აღმასრულებელ დირექტორს შორის, რომელთა ქონებაც 10-ნიშნაა.

2012 წელს ჩიპების მწარმოებელ Advanced Micro Devices-ში მოხვედრიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ლისა სუს, რომელსაც გამოცდილება უკვე ჰქონდა მიღებული IBM-ში, კომპანიაში საუკეთესო თანამდებობა ჩააბარეს. იმ დროს AMD არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო – კომპანიამ თანამშრომლების დაახლოებით მეოთხედი გაათავისუფლა და მისი აქციების ფასი დაახლოებით $2-ს შეადგენდა.

თანამდებობაზე დანიშვნიდან მეორე დღეს, სუმ AMD-ის თანამშრომლები შემდეგი მესიჯით გაამხნევა: „მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საუკეთესო რამ“.

ეს მესიჯი სუს მიერ შემუშავებული სამმხრივი გეგმის პირველი ნაბიჯი იყო. AMD-ის გასაცოცხლებლად მან კომპანიას სამი მიზანი დაუსახა: „შეექმნა შესანიშნავი პროდუქტები, გაეღრმავებინა მომხმარებელთა ნდობა და გაემარტივებინა კომპანია“.

სუ, რომელიც ნახევარგამტარებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) გაიტაცა, თავისი ინჟინრების ფოკუსირება Intel-ის ჩიპების კონკურენტი პროდუქტის შექმნაზე მოახდინა. ამას გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ტაივანში დაბადებული ინჟინრის ფსონმა საბოლოოდ გაამართლა. ათწლეულზე ნაკლებ დროში მან AMD ჩიპების ინდუსტრიის გამორჩეულ კომპანიად და 271 მილიარდი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოდ აქცია.

ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის ბუმის წყალობით ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციების ღირებულების ზრდის შედეგად, ლისა სუ მილიარდერი გახადა. ცნობისთვის, ის AMD-ის დაახლოებით 4 მილიონ აქციას ფლობს – კომპანიის მცირე, 0.2%-ს, თუმცა ეს, AMD-დან მიღებულ სხვა შემოსავალთან ერთად, სუს $1.1-მილიარდიანი ქონების დაახლოებით სამ მეოთხედს შეადგენს. დანარჩენი, თითქმის 400 მილიონი აშშ დოლარი, AMD-ის იმ აქციებზე მოდის, რომლებიც მან 2016 წლიდან გაყიდა.

გასული წლის მაისში, როდესაც Forbes-მა სუ გარეკანზე დაიტანა, მისი ქონება $740 მილიონი იყო. AMD-ის აქციები მას შემდეგ 75%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან მეოთხედზე მეტით. ამის წყალობით 54 წლის სუ 26 თვითშემდგარი ამერიკელი მილიარდერი ქალის სიაში მოხვდა.

სუ ემიგრაციაში, ქალაქ ტაინანიდან ნიუ-იორკში, 3 წლის ასაკში წავიდა, მამასთან და მათემატიკოსთან დედასთან ერთად. მან გადაწყვიტა MIT-ში ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე ესწავლა და აქვე მოიპოვა სამი ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი და დოქტორი. სწორედ MIT-ში სწავლისას, პირველ კურსზე, სუმ ნახევარგამტარების ლაბორატორიაში კვლევების ჩატარება დაიწყო.

სანამ AMD-ის შეუერთდებოდა, როგორც კომპანიის გლობალური ბიზნესის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, იგი 13 წლის განმავლობაში IBM-ში მუშაობდა. ამ კომპანიაში სუ სხვადასხვა როლში მოგვევლინა – მათ შორის, IBM-ის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ლუ გერსტნერის ტექნიკური ასისტენტის. ამის შემდეგ კი გადავიდა ტეხასში, ოსტინში მდებარე Freescale Semiconductor-ში. ის იკავებდა ლიდერის არაერთ თანამდებობას, მათ შორის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცრის.

როგორც Forbes-თან საუბარში სუ ამტკიცებს, წარმატება დაკავშირებულია იმის ცოდნასთან, თუ რაში ხარ გამორჩეული. ჯერ კიდევ 2020 წელს მან თქვა: „რაშიც ჩვენ ნამდვილად ძლიერები ვართ, არის მაღალი ხარისხის გამოთვლები. ჩვენ კარგად ვახერხებთ ადამიანების ხელში წარმოუდგენელი რაოდენობის გამოთვლითი ცხენის ძალის გადაცემას… ამ საძირკვლის აშენებას რეალურად მრავალი წელი სჭირდება“.

სუს ხელმძღვანელობით, AMD-ის ინჟინრებს სამი წელი დასჭირდათ Zen-ის ჩიპების სუპერსწრაფი არქიტექტურის შესაქმნელად, რომელზე მუშაობაც 2017 წელს დაიწყო. 2020 წლისთვის ეს ჩიპი იყო ბაზრის ლიდერი სიჩქარის თვალსაზრისით, რამაც ბიზნესი მნიშვნელოვნად განავითარა. AMD მას შემდეგ თანამშრომლობს NASA-სთან, Microsoft-თან, Meta-სთან, Lenovo-სთან, Oracle-თან და Dell Technologies-თან.

აღსანიშნავია, რომ სუს აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნისას AMD-ის ერთი აქცია $3-ზე ქვემოთ იყო, ამჟამად კი დაახლოებით 170$-ს შეადგენს. აქციების ზრდის ფონზე, AMD-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ (თუმცა არა მისმა შემოსავლებმა) კომპანიის დიდი ხნის კონკურენტ Intel-ს გადაუსწრო და მოცემული დროისთვის 276 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ცნობისთვის, Intel-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 180 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

თუმცა AMD-ის გაცილებით დიდი და ძლიერი კონკურენტი Nvidia-ა – რომელსაც სუს კომპანიაზე საგრძნობლად მეტი შემოსავალი და 1.73 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალი აქვს, რაც დაახლოებით ხუთჯერ აღემატება AMD-ის საბაზრო კაპიტალიზაციას.

ბოლო პერიოდში AMD-ის წინსვლა შენელდა. გასულ კვირას მწარმოებელმა განაცხადა, რომ კომპანიის შემოსავალი 2023 წელს 4%-ით დაეცა 22.7 მილიარდ აშშ დოლარამდე, ხოლო წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა, 854 მილიონ აშშ დოლარამდე. მიზეზი ვიდეოთამაშებისთვის გამოყენებული ჩიპების გაყიდვების კლებაა, რაც მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსირდება მონაცემთა ცენტრების ჩიპებიდან მიღებული მაღალი შემოსავლით.

თუმცა, როგორც Forbes-ი აღნიშნავს, ზრდისთვის ჯერ კიდევ უამრავი შესაძლებლობაა, პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტის გარშემო ენთუზიაზმის წყალობით. დეკემბერში სუმ გენერაციულ AI-ში გამოსაყენებლად ჩიპების ახალი ხაზი წარადგინა. კომპანია ამ წლისთვის ინდუსტრიის მასშტაბით 77 მილიარდი აშშ დოლარის ბაზრის ჩამოყალიბებას პროგნოზირებს AI-ჩიპებისთვის, რაც, მისივე ვარაუდით, ყოველწლიურად, 2027 წლამდე, 70%-ით გაიზრდება.

სუ იმედოვნებს, რომ AMD შეძლებს AI-ნახევარგამტარების ბაზარზე მისი MI300 ჩიპების ახალი სერიის გამოყენებით, მთავარი კონკურენტის, Nvidia-ს დომინანტური წილი შეამციროს.

 

ფოტო: technologymagazine.com