წლის დასაწყისში პოპულარულ სოციალურ მედია პლატფორმა TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის ვიდეოები, სადაც ის მისთვის უჩვეულო ქმედებებს ჩადიოდა. მსახიობი მღეროდა, ცეკვავდა, ფოკუსებს აკეთებდა ან სხვადასხვა სახის გამოწვევებს ასრულებდა – ამ ყველაფერმა მაყურებელში დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ამ მიზეზით ვიდეოებმა მალევე მოიპოვეს პოპულარობა და მილიონობით ნახვაც დააგროვეს. მაგალითისათვის, ერთ-ერთ ვიდეოში ტომ კრუზი კანფეტს მიირთმევს, რომლის გულშიც საღეჭ რეზინს აღმოაჩენს და აღტაცებით შესძახებს, რომ ეს შესანიშნავია.
სინამდვილეში, ეს ადამიანი არ გახლდათ ტომ კრუზი. ის 10 ვიდეო, რომელიც თებერვლისა და ივნისის შუალედში განთავსდა ინტერნეტ პლატფორმაზე, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ავატარი იყო, რომელიც ტომ კრუზის მსგავსად გამოიყურებოდა და საუბრობდა. ამ ტექნოლოგიას სხვაგვარად Deepfake-ს ეძახიან. ტომ კრუზის ვიზუალური და ჟღერადი ეფექტები კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხელოვანმა კრის უმემ შექმნა, რაშიც ტომ კრუზს მიმსგავსებული მსახიობი მაილს ფიშერი დაიხმარა.
ტომ კრუზის მიერ TikTok-ზე დაგროვებულმა ათეულობით მილიონმა ნახვამ კრის უმეს მისცა ინსპირაცია პარტნიორებთან ერთად ივნისში კომპანია Metaphysic-ი დაეარსებინა. კომპანია Deepfake ტექნოლოგიას იყენებს რეკლამების შესაქმნელად და ძველი ფილმების აღსადგენად. მაგალითად, ამ კომპანიის გაკეთებულია Gillette-ის საპარსის სარეკლამო კამპანია, სადაც ამერიკელი ათლეტი რამდენიმე ათეული წლით გააახალგაზრდავეს. გარდა ამისა, კომპანიის მიერაა შესრულებული ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის მიერ დაკვეთილი ვიდეორგოლი, სადაც ბელგიის ნაკრების ორი გარდაცვლილი მწვრთნელი გააცოცხლეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ტექნოლოგიის არსებობა და განვითარება სულ უფრო მეტად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ Deepfake კრიმინალური მიზნებით გამოიყენონ და ეს რისკები ძალიან რეალურია.
მაგალითისათვის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეოს შექმნის პირველი შემთხვევა 2017 წელს კიდევ ერთი ცნობილ პლატფორმაზე, Reddit-ზე შეგვხვდა. ამ ვიდეოში ცნობილი პორნო ვარსკვლავების სახეები ცნობილი ადამიანების გამოსახულებებით იყო ჩანაცვლებული. მას შემდეგ, Deepfake-ის ამ მიზნებით გამოყენების შემთხვევები სულ უფრო მეტად იზრდება. კანონმდებლები კი ამ ყველაფერში მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის რისკებს ხედავენ.
თუმცა, საინტერესოა, რომ უმე და მისი კომპანიის თანა დამფუძნებლები იმ ადამიანთა რიგებს განეკუთვნებიან, რომელთაც ტექნოლოგიის სიკეთეებისა და დადებითი მხარეების სჯერათ. ისინი ხელოვნურ ინტელექტს გართობის მიზნით, ფილმების, რეკლამებისა და მედიის სხვა პროდუქტების შესაქმნელად იყენებენ.
ტექნოლოგიის საშუალებით ისეთი პროდუქტის შექმნა შეიძლება, რასაც ხშირად საუკეთესო სპეცეფექტებიც კი ვერ გავაკეთებთ. Metaphysic-ის დამფუძნებლები Deepfake ტექნოლოგიას მოხუცი ადამიანების გასაახალგაზრდავებლად, ცნობილი ადამიანების კლონების შესაქმნელად და კომერციული მიზნით, რეკლამების გადასაღებად იყენებენ. მისი დახმარებით მსახიობების სცენაზე ფიზიკურად ყოფნა სრულიად აღარ არის საჭირო.
კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტომ გრემის მტკიცებით, კომპანიის მიზანია ფოკუსირდეს ტექნოლოგიის განვითარებაზე, რაც თავიდან აგვარიდებს Deepfake-ის იმგვარ საზიანო გავრცელებას, როგორც ამას დღეს ინტერნეტში ვხვდებით. მისი განცხადებით, ტექნოლოგია მაინც ვითარდება იმისდა მიუხედავად, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა.
უმე Deepfake-ის დახმარებით ამჟამად ცნობილი სერიალის, South Park-ის შემქმნელების ახალი პროექტის საპილოტე ვერსიაზე მუშაობს და მიაჩნია, რომ ტექნოლოგიას ძალიან ნათელი მომავალი აქვს. ის ხელოვანს უფრო მეტ თავისუფლებასა და კრეატიულ შესაძლებლობებს აძლევს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Deepfake-ის გაკეთებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ინტერნეტში ბევრი აპლიკაცია არსებობს, რომელიც ამ ტექნოლოგიის მარტივად გამოყენების საშუალებას იძლევა, თუმცა მათი ფაბრიკაციის ხარისხის შემჩნევაც მარტივია. Metaphysic-ის მიერ გაწეული სამუშაო კი ბევრად უფრო შრომატევადია. მისი შექმნა რთულია ტექნოლოგიურად და ამავდროულად ძალიან დიდ დროს მოითხოვს.
მაგალითად, უმე ამბობს, რომ ტომ კრუზის Deepfake-ის შესაქმნელად მან ორთვენახევარი მხოლოდ იმაში დახარჯა, რომ ხელოვნური ინტელექტისათვის მსახიობის გამომეტყველების რაც შეიძლება მეტი კუთხე ეჩვენებინა. ამისათვის ის ტომ კრუზის რაც შეიძლება მეტ ვიდეოსა და ფოტოს ტვირთავდა ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში. ეს ხერხი ხელოვნურ ინტელექტს ეხმარება, გაიგოს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მსახიობის კანი სხვადასხვა სიტუაციაში, სხვადასხვა განათების პირობებში.
გარდა ამისა, უმემ, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამერიკელი მსახიობი ფიშერის მოძრაობები გამოიყენა. მას დაახლოებით სამი დღე დასჭირდა იმისათვის, რათა ფიშერის ქმედებები ტომ კრუზის სახისა და გამომეტყველებისათვის შეესაბამებინა. ამის შემდეგ კი ვიდეოს ხარისხობრივი პარამეტრების გასწორებამ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით 24 საათი წაიღო.
ზემოთ თქმული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტექნოლოგია საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს ანიჭებს მისი ფლობის მცოდნე ადამიანს. თუმცა, ჯერ-ჯერობით მისი მოწესრიგების სამართლებრივი ინსტრუმენტები არ არსებობს. ადამიანები ბევრს კამათობენ იმის შესახებ, უნდა ეწეროს თუ არა ვიდეოს, რომ ის წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ Deepfake-ს. Metaphysic-ის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგია ეთიკურად და სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული.
ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა თუ რა შეზღუდვებს დაემორჩილება ტექნოლოგია ან იარსებებს თუ არა საერთოდ რაიმე სახის რეგულაციები. ნებისმიერ შემთხვევაში ტექნოლოგიის გამოყენებას დიდი პოტენციალი აქვს.