რატომ უნდა ვისწავლოთ უკუკავშირის მიცემისა და მიღების ხელოვნება? – ზოგი მიზეზი აშკარაა, მთავარი კი ასე ჟღერს: „რათა საქმე გაკეთდეს“.
მაგრამ ჩვენთვის, Leo Institute-ში, ეს საკმარისი არაა. ჩვენი ფილოსოფია შეგვახსენებს, რომ ადამიანები უკეთ აღწევენ მიზნებს, როცა შთაგონებულები არიან და არა შეშინებულები ან წნეხის ქვეშ. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ თუ სტრესის დროს ეფექტიანი ხარ, გაცილებით ეფექტიანი იქნები შთაგონების პირობებში. უკუკავშირის მიცემისა და მიღების დაუფლების მიზანი ენთუზიაზმის ამგვარი კულტურის განმტკიცება და საკუთარი პერსონალის გაზრდის გულწრფელი სურვილისგან მიღებული შედეგების მხარდაჭერაა. ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ დადებითი უკუკავშირის მიცემა, უარყოფითი უკუკავშირის მიცემა და უარყოფითი უკუკავშირის მიცემა რაღაც ისეთის შესახებ, რაც გინდათ, რომ აღარ განმეორდეს. საავტორო სვეტების სერიის ამ ბოლო სტატიაში ჩვენ უკუკავშირის მიღებაზე ვლაპარაკობთ. ეს ამ ხელოვნების ყველაზე რთული ნაწილია, თუმცა მისი გათავისება უკუკავშირის მიცემის სწავლაშიც დაგეხმარებათ.
უკუკავშირის მიღება ბევრი ადამიანისთვის უსიამოვნო პროცესს წარმოადგენს. ეს ასე უნდა იყოს? ცხადია, არა. კომპანიის ინტერესებში ეს ნამდვილად არ შედის. ჩვენი გამოცდილებით, ეს უსიამოვნო შეგრძნება ქრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია კულტურის ცვლილებაზე აქტიურად იმუშავებს. ბევრი მიზეზია, რატომაც იწვევს უსიამოვნებას უკუკავშირი, მათ შორის ზოგი პიროვნულია, ზოგი კი სტრუქტურული. პიროვნული მიზეზები, ძირითადად, თავს იჩენს იმის გამო, თუ როგორ გვინდა აღგვიქვამდნენ სხვები და ასევე ნეგატიური კომენტარი, რომელსაც გვიძღვნიან, ხშირად ეხმიანება საკუთარი თავის ჩვენს უარყოფით რწმენას. რაც შეეხება სტრუქტურულ მიზეზს, კომპანიათა უმეტესობაში კულტურული სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ კოლეგები ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ; ამდენად, უარყოფით უკუკავშირს აღვიქვამთ შეფასებად, დაკნინებად, და არა საკუთარ თავზე მუშაობის, გაუმჯობესებისა და განვითარების საშუალებად.
ეს ასე უნდა იყოს? ცხადია, არა; ამ თვალსაზრისით, „ახალი ლიდერი“ არის ლიდერი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ისწავლოს ამ კულტურის შეცვლა, და იწყებს ისეთი ორგანიზაციული კულტურის შენებას, სადაც უკუკავშირი გულწრფელი და კონსტრუქციულია.
ტექნიკურად კი, უკუკავშირის მიღება ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს: პირველი ინფორმაციის მიღებაა, ხოლო მეორისთვის მაქსი მოლცბის სწავლება უნდა გავიხსენოთ: ბევრი ადამიანი არ ამბობს იმას, რასაც გულისხმობს და არ გულისხმობს იმას, რასაც ამბობს. თქვენს ინტერესებშია, აღმოაჩინოთ, რას გულისხმობენ ისინი სინამდვილეში.
აი, რამდენიმე მახე, რასაც თავი უნდა ავარიდოთ:
მახე 1: პირადად მიღება
უკუკავშირის ადრესატი ადამიანების უმეტესობა მას პირადად იღებს და, როგორც ჩვენ ამას ვუწოდებთ, „რეაქტიულ“ მდგომარეობაში ვარდება. ასეთ დროს ჩვენ მიდრეკილნი ვართ, უგულებელვყოთ ნათქვამი ან შევეწინააღმდეგოთ და ვეკამათოთ ადამიანს, იმაზე დაფიქრების ნაცვლად, თუ რა იმალება მისი სიტყვების უკან.
ხშირად კომუნიკაცია ორ პარალელურ განზომილებაში მიმდინარეობს: ერთი, რომელიც გამოხატულია – რაც გვესმის და ვხედავთ, ხოლო მეორე ამ ყველაფრის მიღმა იმალება. შესაძლოა, რეალურად დისკუსიაში ბოლომდე ჩართულები ვიყოთ, მაგრამ როცა უკუკავშირს პირადად ვიღებთ, მისი გამცემი უკმაყოფილო რჩება. ალბათ გამოგიცდიათ კიდეც იგივე უკუკავშირის მიცემისას. ამდენად, ბევრს მოიგებთ, თუ იმის გარკვევას ეცდებით, რა დგას გამოხატული კომუნიკაციის უკან.
მახე 2: ემოციური ხაფანგი
უკუკავშირის გამცემმა, შესაძლოა, ემოციური ხაფანგი დაგიგოთ. ემოციურ ხაფანგთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა უკუკავშირის გამცემი თქვენში უარყოფითი ემოციური რეაქციის პროვოცირებას ახდენს, რაც ხშირად განმსჯელი სიტყვების, კრიტიკის ან ისეთი ქცევის შედეგია, რომელიც „წამოგაგებთ“.
ნუ გაებმებით ხაფანგში. ბევრი ამას განზრახ როდი აკეთებს. იმ მომენტში ისინი თავად არიან „რეაქტიულები“და მათი რეაქტიულობა თქვენშიც მსგავს მდგომარეობას იწვევს. ეს რეაქტიული მდგომარეობა კი, თავის მხრივ, მიდრეკილს გხდით, ნათქვამი პირადად მიიღოთ და უგულებელყოთ უკუკავშირის მთელი სიმდიდრე და თანმხლები შესაძლებლობები.
მახე 3: ჩაუღრმავებლობა
ფაქტები ნეიტრალურია. ისინი, თავისთავად, ემოციებს არ აღძრავენ. ემოციებს აღძრავს ის, რასაც ამ ფაქტების შესახებ ვფიქრობთ. ყოველ ჯერზე, როცა ფაქტებს მოაქცევთ ყურადღების ფოკუსში, თქვენი უარყოფითი ემოციები და უკუკავშირის გამცემის უარყოფითი ემოციები შემცირდება.
ყოველ ჯერზე, როცა ამ ფაქტების განსჯას იწყებთ, ეს ემოციები გამწვავდება.
განსჯის მიღებისას, თავდაცვის ნაცვლად (რითაც უკუკავშირის გამცემს ეუბნებით, რომ ის არ არის ჭკვი ანი), გაქვთ შესაძლებლობა, ჩაუღრმავდეთ სიტუაციას. დაუსვით კითხვები: „რატომ ფიქრობთ ასე?“ „რაიმე ხომ არ გა ვაკეთე, რამაც გული გატკინათ?“ ან „რაიმე ხომ არ გავაკეთე, რის გამოც ასე ფიქრობთ?“
რა დაგეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებაში უარყოფითი უკუკავშირის მიღების დროს?
- გახსოვდეთ, ვინ ხართ. ცხადია, ეს მოგზაურობაა და რაც უფრო მეტად ისწავლით განსხვავებას თქვენს ნამდვილ ვინაობასა და თქვენივე წარმოსახვას შორის – თუ როგორად გინდათ აღგიქვამდნენ – მით უფრო მეტი იმუნიტეტი გექნებათ უკუკავშირის პირადად მიღების მიმართ. გაიხსენეთ ეგოს მოდელი, რომელიც ჩემს სხვა წიგნებში შეგიძლიათ, მოიძიოთ.
- გახსოვდეთ: თუნდაც რომ ცუდი განზრახვა ჰქონდეს უკუკავშირის გამცემს, მაინც შეგიძლიათ, მისგან რაღაც ღირებული ისწავლოთ.
- გახსოვდეთ, რომ უკუკავშირის გამცემის ემოციური მდგომარეობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ის არ გაფასებთ თქვენ, არამედ იმას, რომ მას აწუხებს რაღაც, რაც თქვენ ან ვინმე სხვამ გააკეთეთ. პირადად თქვენ არაფერ შუაში ხართ.
- გახსოვდეთ, რომ ადამიანთა უმეტესობას კარგი განზრახვები აქვს, მაგრამ შესაძლოა, მათ არ იცოდნენ, როგორ გამოხატონ ეს კონსტრუქციულად!
უკუკავშირის მიღება დაგეხმარებათ, უკუკავშირის მიცემაც ისწავლოთ, ვინაიდან ის, რასაც თქვენ უკუკავშირის მიმღების ამპლუაში განიცდით, ისაა, რასაც მიმღები იგრძნობს, როდესაც გამცემი თქვენ იქნებით. შეცდომები, რომელთაც უკუკავშირის გამცემი უშვებს თქვენთან, დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ თქვენი გაცემის უნარები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ადამიანის პიროვნულად განსჯა არა მარტო მტკივნეულია, არამედ უსარგებლოც. ეს არ ეხმარება ამ ადამიანს გაიაზროს პრობლემა, შეიცვალოს და განვითარდეს. ასე ვერ შევქმნით კულტურას, სადაც შთაგონებული ადამიანები ბოლომდე რეალიზდებიან!