Goldman Sachs-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური ეკონომიკის ზრდის ვექტორი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვლება. უფრო ზუსტად, ანალიტიკოსების მოსაზრებით, უახლოესი წლების განმავლობაში აზია გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის უმსხვილესი რეგიონული კონტრიბუტორი გახდება. ჩინეთის, ინდონეზიის, ბანგლადეშის, სამხრეთ კორეის, ინდოეთისა და სხვა აზიური ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპები, როგორც ჩანს, ამის პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევა. სტატიაში წარმოგიდგენთ გლობალური მშპ-ის განაწილებას 2050 წლისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, გლობალური მშპ-ის რეგიონულ განაწილებაში, Goldman Sachs-ის ანგარიშის თანახმად, აზია წამყვანი რეგიონი იქნება. ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზით, აზიის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი 2050 წლისთვის $90.6 ტრილიონი იქნება, რაც სრული გლობალური მშპ-ის 40%-ს წარმოადგენს. ჯამური მშპ კი, ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ პერიოდში $227.9 ტრილიონს გაუტოლდება. 2050 წლისთვის $38.3 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს შექმნის ცენტრალური ევროპა, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა ერთად.
ანგარიშის თანახმად, განვითარებული ბაზრების ჯამური მშპ-ის მოცულობა $82.9 ტრილიონს გაუტოლდება, რაც მთლიანი წილის 36%-ს წარმოადგენს. მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამურ განაწილებაში ეს დრამატული ცვლილება იქნება, ვინაიდან, შედარებისთვის 2000 წელს, ანუ პროგნოზირებულ პერიოდამდე 50 წლით ადრე განვითარებულ ეკონომიკებზე გლობალური მშპ-ის განაწილების 77% მოდიოდა. გაჟღერებული პროგნოზის თანახმად კი 50 წლის შემდეგ ეს რიცხვი თითქმის 2-ჯერ შემცირდება.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა 2050 წლისთვის ჩინეთი იქნება ($41.9 ტრილიონი). აშშ კი ამჟამად უდიდესი ეკონომიკიდან, მეორე ყველაზე მსხვილ ეკონომიკამდე გადაინაცვლებს ($37.2 ტრილიონი). მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო $22.2-ტრილიონიანი მშპ-თი ინდოეთი იქნება. რუსეთის მშპ, ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის მხოლოდ $4.5 ტრილიონით განისაზღვრა.
აზიაში მშპ-ის ზრდის ყველაზე დიდი ტემპი, ანგარიშის თანახმად, ინდოეთს (წლიური 3.1%), ბანგლადეშსა (წლიური 3%) და ფილიპინებს (წლიური 3.5%) ექნებათ. ამ სახელმწიფოებში ამგვარ ზრდას მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, დაბალი მედიანური ასაკი და, შესაბამისად, დიდი რაოდენობის სამუშაო ძალა განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ იაპონიას განვითარებული ბაზრის სტატუსი აქვს, ამიტომ ის ამ აზიური სახელმწიფოების სიაში არ შეიყვანეს.
რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, 2050 წლისთვის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ტემპები მცირედით შემცირდება. Goldman Sachs-ის ანგარიშის თანახმად, ლათინური ამერიკა გლობალური მშპ-ის მხოლოდ 7%-ზე იქნება პასუხისმგებელი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წინა 2011 წელს ბოლო პროგნოზირების შემდეგ ბევრი ლათინური ამერიკის სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება ისე არ წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო. მაგალითად, ბრაზილიის მშპ 2010 წელს $2.7 ტრილიონიდან 2020 წელს $1.5 ტრილიონამდე შემცირდა.
ქვეყანა | მშპ-ის პროგნოზი 2050 წელს |
ჩინეთი | $41.9 ტრილიონი |
აშშ | $37.2 ტრილიონი |
ინდოეთი | $22.2 ტრილიონი |
ინდონეზია | $6.3 ტრილიონი |
გერმანია | $6.2 ტრილიონი |
იაპონია | $6.0 ტრილიონი |
დიდი ბრიტანეთი | $5.2 ტრილიონი |
ბრაზილია | $4.9 ტრილიონი |
საფრანგეთი | $4.6 ტრილიონი |
რუსეთი | $4.5 ტრილიონი |