მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა თავისი პირველი ელექტრომობილი, სახელწოდებით Spectre-ი წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ საჯარო წარდგენამდე, მას უკვე სამასზე მეტი მსურველი ჰყავდა ამერიკაში, – ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს. როგორც ირკვევა, ზოგიერთმა მსურველმა ავტომობილი Rolls-Royce-ის სათავო ოფისში ნახა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც დეპოზიტი მანქანის უნახავად დატოვა.
Rolls-Royce-ის უახლესი, ორკარიანი ელექტრომობილი აღნიშნულ სექტორში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილია – მისი საწყისი ფასი $413 ათასია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული თანხა თითქმის ყველა შემთხვევაში იზრდება, რადგან Rolls-Royce-ის ყველა ავტომობილი მომხმარებლის გემოვნებას და მოთხოვნებს ერგება.
აღსანიშნავია, რომ ბაზარზე Spectre-ი მომავალ წელს 2023 წლის ბოლოს გამოჩნდება და მანამდე, Rolls-Royce-ს კიდევ არაერთი ტესტის ჩატარება მოუწევს. თუმცა, ავტომობილის შესახებ ზოგადი ინფორმაცია დღესაც ცნობილია – 0-დან 100-ს კმ/სთ-მდე აჩქარებას Spectre-ი ხუთ წამზე ნაკლებ დროში ახერხებს, ხოლო ელემენტის სრული დამუხტვით დაახლოებით 514 კილომეტრს გადის.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Spectre-ი Rolls-Royce-ის პირველი ელექტრომობილია, მაგრამ კომპანია ერთი მოდელით შემოფარგვლას არ აპირებს, რადგან 2030 წლისთვის, ბრიტანული კომპანიის ავტოპარკი სრულად ელექტრიფიცირებული იქნება. შეგახსენებთ, რომ გასული წელი, Rolls-Royce-სთვის რეკორდულად წარმატებული აღმოჩნდა – ჯამში, ბრიტანულმა კომპანიამ 5586 მანქანა გაყიდა, რაც 49%-ით მეტია 2020 წლის მონაცემთან შედარებით.