რომელი დეპარტამენტებიდან ათავისუფლებს კადრებს ტრამპის ადმინისტრაცია?

რომელი დეპარტამენტებიდან ათავისუფლებს კადრებს ტრამპის ადმინისტრაცია?

აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების პროგრამის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაცია სხვადასხვა დეპარტამენტიდან და სააგენტოდან ათასობით თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამისთვის ილონ მასკის მიერ მართული მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი საჯარო მოხელეებისა და კონტრაქტორი თანამშრომლების საჭიროების ანალიზს აწარმოებს.

ჯანდაცვის სააგენტოები – სხვადასხვა ამერიკული მედიასააგენტოს ინფორმაციით, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 5,200-მდე თანამშრომელს გათავისუფლების საფრთხე ემუქრება. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეული თანამშრომელი სამედიცინო სერვისების ცენტრიდან და სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციიდან უკვე გაათავისუფლეს.

ენერგეტიკის დეპარტამენტი – Politico-ს ინფორმაციით, ანონიმური წყაროების მიერ მიცემული ცნობების თანახმად, ენერგეტიკის დეპარტამენტიდან 2,000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მასშტაბური გათავისუფლებების შემდეგ შექმნილი პრობლემების გამო კი რამდენიმე ასეულ თანამშრომელს უკან დაბრუნება სთხოვეს.

განათლების დეპარტამენტი – CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური განათლებისა და რეაბილიტაციის, სტუდენტების დახმარების ფედერალური ოფისისა და სხვა სააგენტოებიდან თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ ოფიციალური შეტყობინებები უკვე მიუვიდათ, სადაც მიზეზად მათი მუშაობის ხარისხი დასახელდა.

ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი – თავად სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დეპარტამენტიდან 1,000-მდე თანამშრომელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. სააგენტოს ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლების ხარჯზე დეპარტამენტი ყოველწლიურად $98 მილიონს დაზოგავს.

სატყეო სამსახური – Politico-სთვის ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტომ სხვადასხვა საფეხურის 3,400-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა.

მცირე ბიზნესების ადმინისტრაცია – აღნიშნული სააგენტოს თანამშრომლების ნაწილს მეილით ეცნობათ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მალევე, მეილების ადრესატებს მისწერეს, რომ პირვანდელი შეტყობინება შეცდომა გახლდათ. რამდენიმე დღეში კი კვლავ მიიღეს ცნობა გათავისუფლების შესახებ, რომელიც საბოლოოდ ოფიციალური აღმოჩნდა.

ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია – NPR-ის ინფორმაციით, აშშ-ის მფლობელობაში არსებულ ბირთვულ შეიარაღებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის 1,800 თანამშრომლიდან 300 უკვე გაათავისუფლეს. თუმცა ადმინისტრაციას პროცესების მართვის პრობლემები შეექმნა, რის გამოც გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილის უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააგენტო გათავისუფლებულ თანამშრომლებს უკან დასაბრუნებლად ვერ უკავშირდებოდა, რადგან მათი მეილები უკვე გაუქმებული იყო.

გენერალური სერვისების ადმინისტრაცია – Reuters-ის ინფორმაციით, ფედერალური მთავრობის უძრავი ქონების პორტფელის მართვის სააგენტოდან 300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია – გათავისუფლების შესახებ შეტყობინება სარადარო, დაშვებისა და სანავიგაციო მხარდაჭერის მიმართულებების ასეულობით თანამშრომელმაც მიიღო.

საინტერესოა, რომ გარდა სავალდებულო ხასიათის გათავისუფლებებისა, საკუთარი სურვილით სამსახურის დატოვების შესახებ არჩევანი 2 მილიონამდე სოციალურ მუშაკს შესთავაზეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობის საჯარო მოხელეებისა და კონტრაქტორი თანამშრომლების გათავისუფლებაა დაგეგმილი მთლიანობაში.