რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობით?

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობით?

მიუხედავად იმისა, რომ ოქროს მოპოვების ტრადიცია და კულტურა ათასობით წელს ითვლის, დაახლოებითი დათვლებით, მისი მარაგების 86% კაცობრიობამ ბოლო 200 წლის განმავლობაში მოიპოვა. ოქროს მოპოვების ზრდა 1800-იანი წლებიდან ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ინდუსტრიალიზაციამ განაპირობა. დღეს თანამედროვე საშუალებებით ოქროს მოპოვების მასშტაბები განსაკუთრებით გაიზარდა. ოქროს, როგორც ძვირფას მეტალს, წარსულში კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დანიშნულება ჰქონდა. დღესაც კი ბევრი სახელმწიფო საკუთარი სიძლიერისა თუ სიმდიდრის გასაზომად ოქროს რეზერვების მოცულობას იყენებს. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომლებიც ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობით მოიპოვებენ.

რეიტინგი დაფუძნებულია Our World in Data-ს კვლევებსა და მონაცემებზე იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა ოქროს მოპოვება გლობალურად 1820-იანი წლებიდან 2022 წლამდე.

თანამედროვე სამყაროში, ისტორიაში ყველაზე ცნობილი ოქროს „ციებ-ცხელება“ 1848 წელს კალიფორნიაში დაიწყო, როდესაც ჯეიმს მარშალმა ამ შტატში ოქრო აღმოაჩინა. ამბის გავრცელების შემდეგ კი კალიფორნიისკენ ოქროს საძიებლად ათასობით ადამიანი გაემართა. ამჟამინდელი დათვლებით, 1855 წლისთვის ოქროს მაძიებლებმა $2 მილიარდამდე ღირებულების ოქრო მოიპოვეს. 1890-იან წლებამდე აშშ, ავსტრალია და რუსეთი მსოფლიოში ოქროს უმსხვილესი მომპოვებლები იყვნენ. მოგვიანებით კი მათ რიგებს სამხრეთი აფრიკა შეუერთდა. 1970 წლისთვის სამხრეთ აფრიკაში ოქროს წლიურმა მოპოვებამ 1,002 ტონა შეადგინა, რაც ამ დრომდე ერთ ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში მოპოვებული ოქროს რეკორდული რაოდენობაა.

1980-იან წლებში ოქროს ფასის მკვეთრ ზრდასთან ერთად, ოქროს მოპოვება არაერთ სახელმწიფოში დაიწყეს. დღეს ოქროს დაახლოებით 40-მდე ქვეყანაში მოიპოვებენ. წარმოგიდგენთ ოქროს მოპოვების მაჩვენებლებს 2022 წლისთვის.

2022 წელს გლობალურად მოპოვებული ოქროს 31% სამ ქვეყანაზე: ჩინეთზე, რუსეთსა და ავსტრალიაზე მოდიოდა. ჩინეთი გლობალური წილის 11%-ით რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფება. აქ 2022 წელს 330 ტონა ოქროს მიაკვლიეს. რუსეთი და ავსტრალია კი, 2022 წელს მოპოვებული 320-320 ტონა ოქროთი, მეორე და მესამე პოზიციებს ინაწილებენ. რეიტინგის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს ჩრდილოამერიკული სახელმწიფოები, კანადა, აშშ და მექსიკა იკავებენ. კანადაში 2022 წელს – 220 ტონა, აშშ-ში – 170, მექსიკაში კი 120 ტონა ოქრო მოიპოვეს. ჯამში, ჩრდილოამერიკულ სახელმწიფოებზე ოქროს გლობალური მოპოვების წილის 16% მოდის.

მეშვიდე ყველაზე მსხვილი მომპოვებელი ყაზახეთი გახლავთ. ერთ დროს უმსხვილესი მომპოვებელი სამხრეთი აფრიკა კი 2022 წლის რეიტინგში, 110 ტონა მოპოვებული ოქროთი, მერვე პოზიციაზე  იმყოფება. 100-100 ტონა ოქროთი მე-9 და მე-10 პოზიციებს პერუ და უზბეკეთი ინაწილებენ.

რეიტინგიქვეყანა2022 წელს მოპოვებული ოქრო, ტონაგლობალური მოპოვების %
1ჩინეთი33011%
2რუსეთი32010%
3ავსტრალია32010%
4კანადა2207%
5აშშ1705%
6მექსიკა1204%
7ყაზახეთი1204%
8სამხრეთი აფრიკა1104%
9პერუ1003%
10უზბეკეთი1003%

ოქროს მსოფლიო საბჭოს პროგნოზით, 2023 წელს ოქროს მოპოვების ზრდა არის მოსალოდნელი. საბჭოს გათვლებით, წელს ოქროს მოპოვებისათვის რეკორდული წელი იქნება და ის 2018 წელს მოპოვებულ ჯამურ 3,300 ტონას გადააჭარბებს.