„ატლანტიკურმა საბჭომ“ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მონაცემთა ბაზა გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო თუ ენერგეტიკული მიმართულებით, რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგებს აანალიზებს. მონაცემთა ბაზა საერთაშორისო ფინანსურ ქსელში, SWIFT-ში რუსული ბანკების ჩართულობასაც აღწერს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 2 მარტს, ევროკომისიის განკარგულებით 7 რუსული მსხვილი ბანკი SWIFT-იდან (ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც ბანკები ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გასაცვლელად იყენებენ) გაითიშა. 2022 წლის ივნისში კი ევროკავშირმა SWIFT-იდან დამატებით სამი რუსული მსხვილი ბანკის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვის მიზანი რუსეთისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობის გაუქმება გახლდათ, რათა საომარი ქმედებების დაფინანსება გართულებულიყო.
თუმცა, მიუხედავად აქტიური აპელირებისა, რუსული ბანკების უმეტესობა SWIFT-ზე კვლავაც მიერთებულია. უფრო კონკრეტულად, რუსეთის უმსხვილესი 30 ბანკიდან, SWIFT-ს მხოლოდ 10 გამოეთიშა. მაგალითად, Gazprombank-ი, ევროკავშირის აკრძალვის მიღმა იმ მიზეზით დარჩა, რომ მას ენერგოვაჭრობაში დიდი როლი აქვს. „ატლანტიკური საბჭოს“ განმარტებით, ბანკი ენერგეტიკის სექტორისგან განცალკევებული ტრანზაქციების განხორციელებასაც შეუფერხებლად განაგრძობს.
გარდა ამისა, რუსეთის ნაკლებად მსხვილი, მცირე ზომის რეგიონული ბანკები, რომელთა რაოდენობაც 300-ს აჭარბებს, SWIFT-ს კვლავ მიერთებულნი არიან და განაგრძობენ იმპორტისა და ექსპორტისთვის საჭირო საზღვრის მიღმა ტრანზაქციებს.
წარმოგიდგენთ SWIFT-ში კვლავ ჩართულ რუსულ ბანკებს: Gazprombank, Alfa-Bank, Unicredit Bank, Tinkoff Bank, Rosbank, Russian Regional Development Bank, Raiffeisen Bank, Pochta Bank, SMP Bank, Bank Uralsib, BM Bank, Home Bank, Moscow Regional Bank და სხვა.