რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მოსკოვი საკუთარ ბირთვულ არსენალს მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში გამოიყენებს. სამინისტროს განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს ნატოსთან ან აშშ-სთან პირდაპირი კონფრონტაციის ინტერესი არ აქვს.
ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც გააკეთა. „რუსეთს უკრაინაში სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სპეკულაციაა და სრულ სიცრუეს წარმოადგენს.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ივან ნეჩაევის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ როგორც „საპასუხო ღონისძიებას“.
„რუსეთის სამხედრო დოქტრინა უფლებას გვაძლევს, ბირთვული იარაღი გამოვიყენოთ მხოლოდ საპასუხო ზომად, როდესაც მასობრივი განადგურების საფრთხე არსებობს ან როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა მან.