რუსეთის მთავრობის 2025 წლის საბიუჯეტო სამუშაო დოკუმენტაციის თანახმად, მომავალ წელს თავდაცვის ბიუჯეტი კიდევ 25%-ით გაიზრდება. ზრდის შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის მშპ-ის 6.3%-ს შეადგენს, რაც ცივი ომის შემდგომი პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია.
რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2024 წელთან შედარებით 25%-ით, $145 მილიონით გაიზრდება. საინტერესოა, რომ 2025 წელს თავდაცვის ხარჯები მთავრობის სრული ხარჯების 32%-ს შეადგენს. რუსეთის მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტის ამ ვერსიას კენჭს სახელმწიფო დუმაში უყრიან.
შედარებისთვის, 2024 წლის ბიუჯეტში რუსეთის მთავრობა 2025 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 21%-ით შემცირებას გეგმავდა. თუმცა, როგორც ჩანს, უკრაინაში ომის გაჭიანურებისა და უკრაინელთა წინსვლის გამო პუტინს გეგმების შეცვლა მოუწია. უკრაინაში ომის დაწყების წელს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი $58 მილიარდს შეადგენდა, 2025-ში კი თითქმის სამჯერ მეტი, $143 მილიარდი გახდება.
რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი შეიარაღებული ძალების აღჭურვას, სამხედრო შეიარაღების დამზადებას, ხელფასების გადახდასა და სამხედრო წარმოების ინდუსტრიის დახმარებას მოხმარდება. 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2026 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 5%-ით შემცირდება.
რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უწყებების ბიუჯეტი 2025 წელს $37 მილიარდით განისაზღვრა. მთლიანობაში კი უსაფრთხოების სააგენტოებსა და თავდაცვაზე გაწეული ხარჯები $180 მილიარდს შეადგენს, რაც მთავრობის ხარჯების 41%, ხოლო მშპ-ის 8%-ია.