გასულ კვირას გამოქვეყნებული სამთავრობო დადგენილების თანახმად, ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვადოდ დარჩენის შესაძლებლობას აღარ მისცემს. ცნობისთვის, აქამდე ცენტრალური აზიის სახელმწიფოში რუსეთის მოქალაქეებს სამთვიანი ინტერვალით ცხოვრების უფლების გახანგრძლივება შეეძლოთ.
ყაზახეთის მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, 26 იანვრიდან რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე 3 თვის გატარების შემდეგ ყაზახეთის 90 დღით დატოვება მოუწევთ. თუმცა, ამის შემდეგ ყაზახეთში დაბრუნებას და მომდევნო სამი თვით დარჩენას კვლავ შეძლებენ.
აღნიშნული რეფორმის ინიციატორი ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ, რომლის განმარტებითაც, ახალი პოლიტიკა სახელმწიფოს იმიგრაციის უფრო ეფექტიანად კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის დაწყების შემდეგ მოსკოვიდან ყაზახეთში საცხოვრებლად ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე, უმეტესად ახალგაზრდა და შუა ხნის მამაკაცი გადავიდა.
ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებით, ქვეყანაში თავშესაფრის მსურველთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობით შედინებამ ინფლაცია გამოიწვია. გასულ წელს ყაზახეთში ინფლაციის მაჩვენებელმა 20% შეადგინა, რაც 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე მაღალ მონაცემს წარმოადგენს.