რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაბრძანები წვრთნების პირველი ეტაპი, რომელიც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას ისახავს მიზნად, დაიწყო. სიმულაციური სწავლებები საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის ეფექტიანად და დროულად გამოყენებას ეხება.
სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, წვრთნები პუტინის მხრიდან გამაფრთხილებელი ნიშნის მნიშვნელობას ატარებს, რაც უკრაინაში ომში უფრო აქტიურად ჩართვისაგან დასავლეთის შეკავებას ისახავს მიზნად.
მოგეხსენებათ, დასავლეთი რუსეთის აგრესიისაგან გასამკლავებლად უკრაინას იარაღით, აღჭურვილობით, სამხედრო ტექნოლოგიითა თუ სადაზვერვო ინფორმაციით აქტიურად ამარაგებს. თუმცა ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირ არ ჩართულან. აღნიშნულის შესახებ განცხადებები სხვადასხვა დროს რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ლიდერმა გააკეთა. ერთ-ერთი უკანასკნელი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი იყო, რომელიც უკრაინაში ფრანგი სამხედროების გაგზავნის საკითხს განიხილავდა და სხვა სახელმწიფოებისაგან მხარდაჭერას ითხოვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების პირველ ეტაპზე წვრთნებში Iskander-ისა და Kinzhal-ის ტიპის რაკეტები გამოიყენება. სამინისტროს განცხადებით, სწავლების მიზანია, უზრუნველყოს შესაბამისი დანაყოფებისა და აღჭურვილობის მზადყოფნა არასტრატეგიული, ანუ ტაქტიკური ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისათვის.
წვრთნებში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის სარაკეტო ძალების დანაყოფები არიან ჩართულნი. გარდა ამისა, ბოლო ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობას ბელარუსიც მიიღებს. შეგახსენებთ, რომ შარშან რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზეც განალაგა.