რუსეთში შობადობის მაჩვენებელი 25-წლიან მინიმუმზეა

რუსეთში შობადობის მაჩვენებელი 25-წლიან მინიმუმზეა

რუსეთში შობადობის მაჩვენებელი 25-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. ივნისში ახალშობილთა რაოდენობა 100,000-ით განისაზღვრა, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია. დაბალი შობადობა რუსეთის მთავრობას აშფოთებს. კრემლი შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავს.

რუსეთის სამთავრობო სტატისტიკის სამსახურის, Rosstat-ის ინფორმაციით, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 599,600 ადამიანი დაიბადა, რაც 16,000-ით ნაკლებია 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. მიმდინარე წელს რუსეთის მოსახლეობის კლების ტემპი 18%-ით გაიზარდა. წელს რუსეთში 49,000-ით მეტი სიკვდილი დაფიქსირდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.

რუსეთის დუმის ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინა ოსტანინას განცხადებით, რუსეთში შობადობის მაჩვენებლის გაზრდის სტიმულირებისათვის „სპეციალური დემოგრაფიული ოპერაციის“ ჩატარებაა საჭირო. შობადობის დაბალ მაჩვენებელს გამოეხმაურა კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვიც და აღნიშნა, რომ სიტუაცია „კატასტროფულია“ და შობადობის გაზრდა რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი „მთავარი პრიორიტეტი“ იქნება.

ცნობისათვის, რუსეთის მოსახლეობა 1990-იანი წლების შემდეგ მცირდება. მაგალითად, 1999 წელს შობადობის მაჩვენებელი 1.6 გახლდათ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სიტუაციაზე დაბალია. პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ კი შობადობის ზრდა პრიორიტეტად იქცა. რუსეთის მთავრობა დაბალშემოსავლიან ოჯახებს ფინანსურ დახმარებას აძლევდა და მრავალშვილიან ოჯახებს გადასახადებს უმცირებდა, თუმცა წამახალისებელმა პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო.

მოსახლეობის შემცირებაზე გავლენას უკრაინაში მიმდინარე ომიც ახდენს, რადგან სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით რუსეთი რამდენიმე მილიონმა მამაკაცმა დატოვა. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, თუ აღნიშნული სურათი შენარჩუნდა, 2030 წლისთვის ადგილობრივ სამუშაო ბაზარზე 2.4 მილიონი მუშახელის დეფიციტი იქნება.