ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც ვლადიმირ პუტინმა 300,000-მდე რეზერვისტი უკრაინის ომში საბრძოლველად გაიწვია. ახლა კი, Bloomberg-ის ინფორმაციით, მათი ოჯახების ნაწილი კრემლისგან ომში მყოფი პირების სახლში დაბრუნებას ითხოვს.
გასული წლის სექტემბერში, უკრაინაში საბრძოლველად მობილიზებული რუსი ჯარისკაცების ცოლებმა და დედებმა საპროტესტო მოძრაობა წამოიწყეს – რუსი მამაკაცების ომიდან სახლში დაბრუნების მოთხოვნით. მოძრაობას სახელწოდებით „გზა სახლისკენ“, მის Telegram-არხზე უკვე 37,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მართალია, ამჟამად ჩართულთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ ომის მოწინააღმდეგეთა გამოჩენა მაინც საფრთხილოა პუტინისთვის, რომელიც მარტში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
თავის მხრივ, კრემლისთვის მობილიზაცია სენსიტიური საკითხია. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება შარშან ქვეყნიდან ასობით ათასი ადამიანის გასვლის მიზეზად იქცა – სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდების მოტივით. კრემლმა უარყო წინადადებები მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ და პრესკონფერენციაზეც დასძინა, რომ ამჟამად გაწვევის საჭიროება არ არსებობს. პრეზიდენტის ინფორმაციითვე, უკრაინაში 617,000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
მოსკოვში დაფუძნებული კვლევითი ცენტრ Levada Center-ის გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში შეჭრას რუსების დაახლოებით სამი მეოთხედი უჭერს მხარს. თუმცა 60% წუხს, რომ ომმა შესაძლოა საყოველთაო მობილიზაცია გამოიწვიოს. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა კონფლიქტის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა.