მსოფლიოს უდიდესმა ონლაინმაღაზიამ, ამერიკულმა Amazon-მა საწყობებში და ტრანსპორტირების მიმართულებით დასაქმებული, საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი თანამშრომლების საშუალო საბაზისო ხელფასი $19-მდე გაზარდა, რისთვისაც კომპანიის მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით $1 მილიარდი გამოიყოფა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. საინტერესოა ისიც, რომ საშუალო საბაზისო ხელფასის გაზრდასთან ერთად, Amazon-მა იმ პროგრამის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თანამშრომლებს საკუთარი ხელფასის თვეში რამდენიმე ნაწილად მიღების საშუალებას აძლევს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Amazon-ი ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეორე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, რომელსაც 2021 წლის ბოლოს, 1.1 მილიონი თანამშრომელი ჰყავდა. პირველ ადგილს ქვეყნის მაღაზიათა უმსხვილესი ქსელი, Walmart-ი იკავებს, რომელსაც 30 ივნისის მონაცემებით, 1.5 მილიონი თანამშრომელი ჰყავდა. თუმცა, ორთავე კომპანიის შემთხვევაში, დასაქმებულთა უმეტესობას საწყობებში მომუშავე, საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი თანამშრომლები წარმოადგენენ.
თუმცა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კონტექსტიც – ბოლო დროს, Amazon-ის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, რომლებიც, უმეტესად, საათობრივად დასაქმებულნი არიან, პროფესიულ კავშირებში სულ უფრო და უფრო აქტიურად ერთიანდებიან და გამორიცხული არ არის, რომ კომპანიის მიერ სახელფასო პოლიტიკის გადახედვა სწორედ ამ პროცესებს უკავშირდებოდეს.