სად და რას ველოდოთ 2021 წელს?

სად და რას ველოდოთ 2021 წელს?

მესამე წელია, Forbes Georgia-თვის საერთაშორისო ამბებს ვაშუქებ. წლის ბოლოს, ტრადიციულად, გასულს ვაჯამებთ და მომავალს ვგეგმავთ. საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული დინამიკის გათვალისწინებით, თითქოს არ უნდა იყოს ძალიან რთული საქმე; არც იყო 2020-მდე. პრინციპში, წლის პირველი ამბები გამოჩნდა იქ, სადაც მოსალოდნელი იყო: ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობამ და რამდენიმე დღის შემდეგ ირანელი სამხედროების საბედისწერო შეცდომამ, რომლის შედეგად თეირანში უკრაინული ეკიპაჟით დაკომპლექტებული და საერთაშორისო მგზავრებით დატვირთული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ 176 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მასშტაბური ომის დაწყების მანამდე არსებული საშიშროება კიდევ უფრო მეტად გაზარდა. აგრეთვე იყო ვითარების ესკალაცია ვენესუელაში და უწყვეტი საპროტესტო აქციები ჰონკონგში, მასშტაბური ხანძრები ავსტრალიაში და ა.შ. იყო კარგი ამბებიც: აშშ-მ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის დოკუმენტს. თითქოს არაფერი მოულოდნელი, მაგრამ…

2020 წლის 11 იანვარს ჩნდება პირველი ცნობები ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში კოვიდ- 19-ით ინფიცირებული 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. ორი კვირის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი იზრდება 100-მდე, თებერვლის დასაწყისში – 1000-მდე და… როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მწარე ხუმრობაში იყო, მოვიდა დეკემბერი.

ცხადია, მცირედით უტრირებულია, მაგრამ, როგორც ამბობენ, ყველა ხუმრობაში არის … ხუმრობის წილი, დანარჩენი კი სიმართლეა! პანდემიის შესაჩერებლად განხორციელებულმა “ლოკდაუნმა“ საკმაო ხნით “ნოკდაუნში“ ჩააგდო მსოფლიო. ის დღემდე გონს მოდის და იმედია, 2021-ის გაზაფხულ-ზაფხულისთვის ფეხზე წამოდგომასაც დაიწყებს. სწორედ ფეხზე წამოდგომის პროცესი იქნება 2021 წლის გლობალური პოლიტიკური პროცესების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. როგორ იმუშავებს ვაქცინა? როგორ გაცოცხლდება ეკონომიკა? ამ კითხვებზე პასუხები მნიშვნელოვნად განაპირობებს მსოფლიოში მიმდინარე ამბების დინამიკას. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა სწორედ ამ კითხვებზე ეფექტიანი პასუხის გაცემა იქნება. მათ შორის ისეთების პასუხიც, ვინც სწრაფად გამოვიდა ნოკდაუნიდან (სი ძინ პინი, მერკელი, ერდოღანი) და ისეთებისაც (გვარს და სახელს არ დავასახელებ, ყველა ხვდებით), ვისთვისაც “ლოკდაუნმა“, შეიძლება ითქვას, ნოკაუტის ეფექტი იქონია, რაც, თავის მხრივ, 2021-ის მსოფლიო დღის წესრიგზეც მნიშვნელოვნად აისახება.

დიახ, 20 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება, მსოფლიოს ყურადღება პირველ რიგში თავად ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იქნება მიპყრობილი. სამი ძირითადი პრობლემა დგას ახლა აშშ- ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინაშე: საყოველთაო ვაქცინაცია, ეკონომიკის რევიტალიზაცია და ამერიკელი ხალხის კონსოლიდაცია. იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებიან თითოეულ ამ გამოწვევას პრეზიდენტი ბაიდენი და ვიცე- პრეზიდენტი კამალა ჰარისი (ნამდვილად არ ვასეხელებ შემთხვევით ორივეს ერთად, ვინაიდან, როგორც ვარაუდობენ, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს, შესაძლოა, იმაზე ბევრად დიდი როლი ჰქონდეს, ვიდრე მხოლოდ პირველ აფროამერიკული და ინდოამერიკული წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტ ქალს), დამოკიდებული იქნება თავად მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოს მდგომარეობაც და დანარჩენი სამყაროსიც.

დემოკრატიული ადმინისტრაციის დემოკრატიის დღის წესრიგი ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას. ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო ურთიერთობებში მრავალმხრივობის პრინციპის აღდგენის ტენდენციაც, რომლის პირველი ნიშნები უკვე არის, მაგრამ წლის პირველ კვარტალში უკვე ძალიან მკაფიოდ კონტურებიც გამოჩნდება. ევროპაში ბევრი იმედის თვალით უყურებს აშშ-ის ახალ დემოკრატ პრეზიდენტს და ფიქრობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები, ყოველ შემთხვევაში მოკავშირეებს შორის მაინც, ისევ ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. ეს ეხება როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მართალია, წლის ბოლოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ასრულებს თავის 16-წლიან მოღვაწეობას, მაგრამ ჯო ბაიდენთან მისი წარსული ურთიერთობების ფრიად პოზიტიური გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ორ ქვეყანას შორის გაჩენილი “ხანძრის კერების“ ჩაქრობა შესაძლებელი გახდება. ეს კი აშშ-ევროკავშირისა და ნატო-ს შიგნით ურთიერთობებზე მნიშვნელოვნად და, იმედია, პოზიტიურად აისახება. ვფიქრობ, რომ პარიზშიც არ უნდა იყოს დიდად განსხვავებული მიდგომები, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მაკრონი დაუღალავად გამოდის როგორც მისი ქვეყნის პოზიციების განმტკიცებაზე, ისე ევროკავშირის ავტონომიურობის ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული, ამ დრომდე არცთუ შედეგიანი, ინიციატივებით.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თავიანთი გათვლები და გეგმები აქვთ სხვებსაც. იმედს ვიტოვებ, ეს ბლოგი თქვენამდე რომ მოაღწევს, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმებული იქნებიან და ბრექსიტი სავაჭრო შეთანხმების გარეშე არ მოხდება. თუ პროცესები მაინც უარესი სცენარით განვითარდა, ბრექსიტი აუცილებლად იქონიებს ნეგატიურ გავლენას როგორც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირზე, ისე სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე. გარდა ამისა, ევროკავშირს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ექნება გადასადგმელი აშშ-ჩინეთ-ევროკავშირის სამეულში საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისით. თავის მხრივ, დიდ ბრიტანეთსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ძალისხმევის დახარჯვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში სწრაფად მიიღოს მისთვის სასურველი შედეგები როგორც სავაჭრო, ისე სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.

დემოკრატიისა და თავისუფლების დღის წესრიგი აუცილებლად აისახება მსოფლიოს ორი წამყვანი ეკონომიკის – აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებზე. მართალია, ეს უკანასკნელი უფრო კარგ ფორმაში ხვდება 2021-ს, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი წამყვანი ეკონომიკები, მაგრამ ახლა საუბარი მათ კონკურენციაზე არ არის: აშშ-ჩინეთის ურთიერთობები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გლობალურ განწყობებს მრეწველობაში, ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, ტრანსპორტსა და ინფრასტრუქტურაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ნაბიჯებს გადადგამს ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის მიერ დატოვებული ათვლის წერტილიდან. ერთი რამ ცხადია: თუ გაგრძელდება სავაჭრო ომები და დაძაბული ურთიერთობები, გაგრძელდება სტაგნაციაც გლობალურ ეკონომიკაში და გაიზრდება დაძაბულობაც მთელ მსოფლიოში.

ასევე ძალიან საინტერესოა, როგორ გაგრძელდება პროცესები ახლო აღმოსავლეთში. შენარჩუნდება თუ არა ისრაელისა და არაბული სამყაროს ურთიერთაღიარების დინამიკა? თეთრ სახლში მალე აღარ ექნება კაბინეტი ჯარედ კუშნერს. პოსტის შენარჩუნებისთვის მომავალ წელსაც მოუწევს ბრძოლა ბენიამინ ნეთანიაჰუს. სამაგიეროდ, თავის ტახტზე მყარად ზის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი. ჯერ კიდევ ადგილზეა ირანის სულიერი ლიდერიც. ასე რომ, ამ სამეულშიც ურთიერთობების გარკვევა გაგრძელდება, რაშიც, ცხადია, არსებითი ადგილი ეკავება აშშ-ის ახალ სტრატეგიას რეგიონის მიმართ. წესით და რიგით, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება ავტომატურად უნდა ნიშნავდეს, რომ ობამას პრეზიდენტობის დროს 2015 წელს ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებას აშშ კვლავ შეუერთდება. თუმცა დონალდ ტრამპის “მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკამ შეიძლება “ბირთვული შეთანხმება+“ პაკეტზე დალაპარაკების პერსპექტივები გააჩინოს, რაც ჯერჯერობით მიუღებელია ირანისთვის, მაგრამ სულაც არ არის ცუდი მსოფლიოსთვის. ასეა თუ ისე, ომის დაწყებას მაინც არ უნდა ველოდოთ.

არაერთხელ მოვისმენთ ამბებს თურქეთის მონაწილეობით. პანდემიის ფონზე 2020-ში თურქეთმა თავისი ძალიან სერიოზული სიტყვა თქვა რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში მისი როლის გამოკვეთის თვალსაზრისით. ვფიქრობ, არც შემდეგი წელი იქნება მნიშვნელოვნად განსხვავებული. ლიბია, სირია, აღმოსავლეთი ხმელთაშუა ზღვა და სამხრეთი კავკასია – ეს ის ქვეყნები და რეგიონებია, სადაც თურქეთი 2021-შიც აუცილებლად ეცდება პოზიციების გამყარებას.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მსოფლიო რადარებიდან ნამდვილად გაქრება, თუ ბალისტიკური რაკეტების საცდელ გასროლას არ განახორციელებს ყურადღების მისაქცევად. ასევე არ მგონია, რომ ვენესუელის ამბებმაც დიდი დოზით მოაღწიოს ჩვენამდე. სამაგიეროდ და სამწუხაროდ, კვლავ ყურადღების ცენტრში იქნება რუსეთი. “თეთრები და ქუნქულები“, როგორც თავის თავსა და გარემოცვას უწოდებს ვლადიმირ პუტინი, ახალი რეალობების გათვალისწინებით ძველებური სტრატეგიით გააგრძელებენ მოქმედებას. 2021-ში რუსეთში საპარლამენტო არჩევნებია. შესაბამისად, კრემლი მის მომზადებაზე გადაიტანს მნიშვნელოვან ყურადღებას, თუმცა იქ, სადაც იქნება თურქეთი, ირანი და ჩინეთი, აუცილებლად გამოჩნდება რუსეთიც. იმედია, წლის დასაწყისში ერთი კარგი ამბავი მაინც იქნება რუსეთთან კავშირში, რომელიც აშშ- თან სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების, იმავე “New START“-ის გახანგრძლივებას ეხება.

მოკლედ, სურათიც იგივეა, თემებიც და მთავარი აქტორებიც. უბრალოდ, დასასრულს თითებგადაჯვარედინებულმა ფრთხილი იმედი მინდა გამოვხატო, რომ მომავალ წელს ტრადიციულ პრობლემატიკას და “ჩვეულებრივ ეჭვმიტანილებს“ აღარ დაემატება დაწვრილებითი ცნობები ღამურებისა თუ რაიმე სხვა არსებების გენეტიკისა და უნარების შესახებ. მე პირადად, “ZOOM“-ით ურთიერთობას და სამიტებს ვეღარ გავუძლებ.