დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც, მზღვეველებს ყოველწლიური საფასურის გადახდა ეკისრებათ. საფასური წლის განმავლობაში კომპანიის მიერ გამომუშავებული პრემიის, ან მოგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 1-1%-ით განისაზღვრება.
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი 1 180 000 ლარს შეადგენს. საზედამხედველო სფეროში შემავალი პირების მიერ სამსახურის დაფინანსების შემთხვევაში, სამსახურის ბიუჯეტი 2018 წლისთვის, სავარაუდოდ 4 000 000 ლარამდე გაიზრდება, საიდანაც სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადებით (გარდა საშემოსავლო გადასახადისა) სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი ოდენობა სავარაუდოდ 1 000 000 ლარს შეადგენს.
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ასევე ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური კანონპროექტის მიღების შემდგომ აღარ დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, 2018 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სავარაუდოდ შემცირება 1 180 000 ლარით.
ამასთან, ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებულია სამსახურის დაფინანსება მიმდინარე წელს (შეჭრილი პერიოდიდან), შესაბამისი პერიოდისათვის სამსახური აღარ ისარგებლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. აღნიშნული, 2017 წლის 5 თვის პერიოდისათვის 490 000 ლარს შეადგენს.