სადაზღვევო ტექნოლოგიების მაქსიმუმი საქართველოში - Backapp ალდაგისგან

სადაზღვევო ტექნოლოგიების მაქსიმუმი საქართველოში - Backapp ალდაგისგან

„ალდაგმა“ ავტოდაზღვევის ბაზარზე რევოლუციური პროექტი – ციფრული დაზღვევის პირველი აპლიკაცია Backapp-ი წარადგინა. Backapp ალდაგის მიერ შექმნილი თვითმყოფადი ბრენდი იქნება და დაზღვევის სფეროში სრულიად ახალ გამოცდილებას შექმნის. პირველადი ინვესტიციის მოცულობა რამდენიმე ასეული ათასი ლარია. ალდაგში ელიან, რომ საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ინოვაცია ავტოდაზღვევის კულტურის განვითარებას დაეხმარება და ახალგაზრდა სეგმენტს მოიცავს. პასუხისმგებლობიანი მძღოლის მეგობარი – ასე უწოდებს ახალ პროდუქტს „ალდაგის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი, რომელთანაც Forbes Georgia-მ ინტერვიუ ჩაწერა.

„ალდაგმა“ საქართველოში პირველი ტექნოლოგიური სადაზღვევო პროდუქტი შექმნა, რომლითაც ავტოდაზღვევის ფასი მძღოლის ქცევიდან გამომდინარე ანგარიშდება. რას ნიშნავს ეს საქართველოს ავტოდაზღვევის ბაზრისთვის?

ამ პროდუქტის შექმნით საქართველოს დაზღვევის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ზოგადად, insure tech-ის ანუ დაზღვევის ტექნოლოგიების სიახლეებს რომ გადახედოთ, ამაზე განვითარებული პროდუქტი დღეს ინდუსტრიაში არ არსებობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. გლობალურად მხოლოდ 2 -3 კომპანიაა, რომლებიც მომხმარებელს მსგავს პროდუქტს სთავაზობს და ეს ხდება მხოლოდ განვითარებულ ბაზრებზე, მაგალითად დიდი ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენი ახალი პროდუქტი საქართველოს ავტოსადაზღვევო ბაზრისთვის იქნება ძალიან დიდი სტიმული, რათა ეს სფერო კიდევ უფრო განვითარდეს.

რა არის ამ სადაზღვევო პროდუქტის მთავარი მახასიათებლები?

პირველ რიგში უნდა ითქვას, ეს არის მომხმარებლის ინდივიდუალიზმზე სრულად მორგებული პროდუქტი. ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისგან ხშირად გვსმენია, რომ ესა თუ ის პროდუქტი არის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, მაგრამ როგორ ვაღწევთ ამას? თუ სადაზღვევო კომპანიას არ აქვს ინფორმაცია მძღოლსა და მის ქცევაზე, არ იცის, რამდენად ხშირად მოძრაობს მძღოლი ავტომობილით, რამდენად იცავს წესებს, გამოდის, რომ შეუძლებელია შეიქმნას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი. ამიტომ ასეთი პროდუქტის შექმნის პირველი რეალური პრეცედენტი დაზღვევის ინდუსტრიაში არის Backapp, რომელიც სწორედ მძღოლის ქცევასა და უნარებზეა მორგებული. ვამაყობთ, რომ მიუხედავად რთული ტექნოლოგიური გამოწვევისა, ჩვენს გუნდთან ერთად შევძელით, საქართველოს ბაზრისთვის შეგვექმნა უნიკალური პროდუქტი, რომლის ზუსტი ანალოგი, როგორც ვთქვი, მსოფლიოში არ არსებობს.

რა სხვაობაა ბაზარზე არსებულ სტანდარტულ ავტოდაზღვევასთან შედარებით? რა არის ის უნიკალური, რასაც Backapp მომხმარებელს სთავაზობს?

ბექაფის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მძღოლი დაზღვევის ტარიფს იღებს იმის მიხედვით, თუ როგორ ატარებს ავტომობილს და რამდენს მოძრაობს. სწორედ ამ ორ კომპონენტზეა დამოკიდებული საბოლოო ტარიფი, რომელსაც ის ავტოდაზღვევაში გადაიხდის. დაზღვევის პროცესი სრულად ციფრული და მარტივია – მომხმარებელი იწერს აპლიკაციას (Backapp) თავის სმარტფონში. შემდეგ, აპლიკაციის საშუალებით, გადის 5 კმ.-მდე ტესტ-დრაივს, რომლის მონაცემზე დაყრდნობით ითვლება დაზღვევის საორიენტაციო ფასი. backapp-ის გააქტიურების შემდეგ ჩვენ მას ვაძლევთ ჭკვიან მოწყობილობას, რომელიც მანქანაში იდება, უკავშირდება აპლიკაციას და სწორედ იქ გენერირდება მძღოლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია – როგორც მისი ქცევის, ისე სადაზღვევო პრემიის შესახებ, რომელიც, როგორც ვთქვი, ცვლადია და ავტომობილის ტარების ხარისხზეა დამოკიდებული. ეს ხდება სრულიად გამჭვირვალედ, რითაც რეალურად ჩვენ ვეხმარებით ადამიანს, მიიღოს მისთვისვე უნიკალური ინფორმაცია, დააკვირდეს საკუთარ თავს, რათა  დახვეწოს ტარების ტექნიკა და მიიღოს საუკეთესო ფასი დაზღვევაზე.

Backapp –ს აქვს  მთელი რიგი სხვა უპირატესობები, მაგალითად დაზღვევის პრემია გენერირდება მხოლოდ ტარების დროს, გაჩერებული ავტომობილი თანხას არ წერს, თუმცა ამ დროს ავტომობილი დაზღვეულია. მთელი რიგი ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამო, Backapp იმაზე ორჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე სტანდარტული ავტოდაზღვევა. ვაპირებთ, აპლიკაციაში პასუხისმგებლიანი მძღოლების რეიტინგიც დავამატოთ. ასევე გვექნება ექსკლუზიური შეთავაზებებიც, როგორიცაა საწვავსა და რეცხვაზე ფასდაკლებები და სხვა.

რამ გიბიძგათ ამ აპლიკაციის შექმნისკენ? ბევრი ამბობს, რომ ციფრული პროდუქტების სწრაფი განვითარება ნაწილობრივ პანდემიამაც განაპირობა…

გასულ წელს, როდესაც პანდემია დაიწყო, დავსხედით და ვიფიქრეთ, როგორ გვეპასუხა შექმნილი ვითარებისთვის. ჩვენი ამოცანა, ერთი მხრივ, იყო ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნა და, მეორე მხრივ, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ქართულ ბაზარზე ხშირად გვესმის, რომ ავტოდაზღვევა ძვირია. არის მძღოლების კატეგორია, რომელიც თვლის, რომ საკმარისს არ დადის ავტომობილით, რომ დაზღვევა შეიძინოს. სწორედ ასეთი ტიპის მომხმარებლისთვის შეიქმნა Backapp, რომელიც მეტად ხელმისაწვდომია განსაკუთრებით ბიუჯეტური ავტომობილებისთვის.

ზოგადად ალდაგი ყოველთვის გრძნობს პასუხისმგებლობას, გაზარდოს დაზღვევის ცნობადობა ქვეყანაში, რაც პირდაპირ აისახება ინდუსტრიის ზრდის ტემპზე. ვფიქრობთ, რომ ეს პროდუქტი ხელს შეუწყობს დაზღვევის კულტურის განვითარებას და რეალურ სარგებელს მოუტანს როგორც მომხმარებელს, ისე ინდუსტრიას.

ვინ არის Backapp მომხმარებელი და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ცალკე ბრენდი?

Backapp-ის მომხმარებელი ყველა ის ადამიანი იქნება, ვინც მოიხმარს და ვისაც მოსწონს ტექნოლოგიური პროდუქტები, მათ შორის არიან ე.წ. მილენიალები, რომელთათვისაც ციფრული პროდუქტები და სერვისები ყოველდღიურობის ნაწილია.

სამიზნე ჯგუფიდან  და პროდუქტის დიზაინიდან გამომდინარე, შეიქმნა ცალკე ბრენდი, რომლითაც ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო დავაინტერესებთ სამიზნე ჯგუფს და დაზღვევა მათი კულტურისა და მსოფლმხედველობის ნაწილი გახდება.

ავტოდაზღვევის ბაზარი საქართველოში ნელ-ნელა, თუმცა, მაინც მზარდია. საუბარი არ არის 2020 წელზე, რომელიც ერთგვარი ჩავარდნის წელი იყო. „ალდაგში“ რა ტენდენციებია ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოწვევა იყო ბიზნესისთვის. ალდაგის არსებობის 30 წლის მანძილზე, ცხადია, ქვეყანაში იყო სირთულეები და სხვადასხვა სახის რყევები, თუმცა ასეთი გამოწვევა ბიზნესს არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, წლის დასაწყისშივე სწორად დაგეგმილი სტრატეგიის წყალობით, ჩვენ შევძელით, რომ წარმატებით დაგვესრულებინა 2020 წელი და მაქსიმალური ეფექტურობისთვის მიგვეღწია. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შევძელით, რომ არცერთი წუთით არ შეფერხებულიყო ჩვენი მომსახურება, როგორც გაყიდვების, ისე ზარალის ანაზღაურების კუთხით და ჩვენს მომხმარებელს ეგრძნო, რომ ალდაგი მისი საიმედო პარტნიორია ტურბულენტურ ვითარებაშიც, მხოლოდ 2020 წელს ჩვენ 9000-ზე მეტი შემთხვევა დავარეგულირეთ და 90 მილიონი ლარი ავანაზღაურეთ ჯამურად, რაც სტაბილური წლის პირობებშიც საკმაოდ სოლიდური თანხაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *