სახმელეთო საზღვრები გაიხსნა - რამდენად აღდგება ტურიზმი?!

სახმელეთო საზღვრები გაიხსნა - რამდენად აღდგება ტურიზმი?!

დღეს საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 25 მაისის სხდომაზე მიიღო.

საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტითა და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით. ამასთან, არის რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც კოვიდთან დაკავშირებულ ხარჯებსაც ფარავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც საზღვრები გაიხსნება კონკრეტული უსაფრთხოების წესების დაცვით. მისივე თქმით, ეს წესები არ შეაფერხებს საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც საქართველოში სახმელეთო საზღვრით აპირებენ შემოსვლას.

“თქვენ ხედავთ, როგორც გაიზარდა ჩვენი მცირე და დიდი სასტუმროების დატვირთულობა, შაბათ-კვირას პრაქტიკულად ადგილს ვერ ნახავთ კვების ობიექტებში, მათ უნდა ამოქაჩონ წინა პერიოდების ჩავარდნები. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომკიდევ ერთხელ გაიცნოს  საქართველო როგორც  სტუმართმოყვარე და უსაფრთხო ქვეყანა. დღეს საერთაშორისო ტურისტი ეძებს ასეთ უსაფრთხო ბაზრებს, უსაფრთხო ტემპებს და ამით გამორჩეული ვართ რეგიონში. შესაბამისად, ვაქცინაციის ტემპები საკმარისია და პროტოკოლების შესრულების დონეც. ველოდებით, რომ ტურიზმი საკმაოდ მაღალ დონეზე აღდგება”, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმითვე, ტურიზმი მთავრობის ძალისხმევის შედეგად, შესაძლოა, 50%-მდეც აღდგეს. თავად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები კი ამხელა ზრდას არ ელოდებიან. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმის 30%-35%-ით აღდგენაა მოსალოდნელი.

თუმცა სექტორი სახმელეთო საზღვრების გახსნას დადებითად აფასებს. შალვა ალავერდაშვილის თქმით, მოლოდინია, რომ სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 20%-დან 40%-მდე გაიზრდება.

“ვფიქრობ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობის მაჩვენებელი 55%-მდე ავა, თუმცა ეს რიცხვი სექტემბერ-ოქტომბერში დაიწევს. საბოლოოდ კი, წლიურ ჭრილში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი მაქსიმუმ 30-35% იქნება, თუმცა მინდა აღვნიშნო ისიც, რომ 2019 წელი ათვლის წერტილად და სანიმუშოდ არ უნდა ავიღოთ, რადგან 2019 წლის ცნობილი 20 ივნისის მოვლენები ძალიან ნეგატიურად აისახა ჩვენზე. საუკეთესო 2018 წელი იყო“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და დასძინა, რომ ტურიზმის სექტორისთვის  “კომენდანტის საათის” მოხსნაც მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.