სამხრეთ კორეამ დუ კვონს $64 მილიონის ღირებულების ბიტკოინი გაუყინა

სამხრეთ კორეამ დუ კვონს $64 მილიონის ღირებულების ბიტკოინი გაუყინა

სამხრეთ კორეის პროკურატურამ ალგორითმული სტეიბლკოინის, TerraUSD-ის შემქმნელი კომპანიის, Terraform Labs-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელთან, დუ კვონთან დაკავშირებული 3313 ბიტკოინის (დაახლ. $64.5 მილიონი) გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამერიკული გამოცემის, CoinDesk-ის ინფორმაციით, საუბარია იმ კრიპტოვალუტაზე, რომელიც დუ კვონის Luna Foundation Guard-თან (LFG) დაკავშირებული კრიპტოსაფულიდან KuCoin-ისა და OKX-ის ბირჟებზე გადაირიცხა.

კრიპტოაქტივების კვლევითი კომპანიის, CryptoQuant-ის ცნობით, LFG-სთან დაკავშირებული ახალი კრიპტოსაფულე, რომლიდანაც ბირჟებზე 3310 ბიტკოინი გადაირიცხა, 15 სექტემბერს შეიქმნა. „LFG-ს საკუთრებაში არსებული ბიტკოინის ახალი მისამართების დადგენა CryptoQuant-მა გადარიცხვების კანონზომიერებებით შესწავლითა და არასაჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლო“, – ხსნიან მკვლევრები. საინტერესოა, რომ ერთი დღით ადრე, სამხრეთ კორეის პროკურატურამ დუ კვონის დაკავების ორდერი გამოსცა.

შეგახსენებთ, დუ კვონს, რომელსაც გამოძიება კაპიტალის ბაზრის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ედავება, ეძებს, როგორც სამხრეთ კორეის პროკურატურა, ასევე Interpol-იც. დუ კვონისა და Terraform Labs-ის სხვა თანამშრომლების საქმიანობით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანიის სტეიბლკოინების, TerraUSD-სა და Luna-ს კოლაფსმა კრიპტოვალუტების ბაზრიდან ინვესტორების $45-მილიარდიანი აქტივები გააქრო, სულ რაღაც 72 საათში. კრიპტოვალუტების კოლაფსის შემდეგ ბრალდების მხარეს აღმოჩნდნენ დაზარალებული ინვესტორებიც, რომელთაც დუ კვონი პირამიდული სქემის მოწყობაში დაადანაშაულეს.