არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად Samsung Electronics-ის ჩიპების კონტრაქტორი 2027 წლისთვის წარმოების მოცულობას გაასამმაგებს. ნახევარგამტარების მწარმოებელი ტაივანური კორპორაციის, TSMC-ის შემდეგ მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი 2025 წლისთვის 2-ნანომეტრი ტექნოლოგიის ჩიპების მასიურ წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის 1.4-ნანომეტრი ტექნოლოგიის მქონე ჩიპების წარმოებას ისახავს მიზნად. აღნიშნული სახის ჩიპები მაღალტექნოლოგიური კომპიუტერებისა და ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში გამოიყენება.
კომპანიის აღმასრულებლების განცხადებით, ბაზარზე დადებითი ტენდენციები შეინიშნება, რაც წარმოებაზე შესაბამისად აისახება. ცნობისათვის, Samsung-მა 3-ნანომეტრი ტექნოლოგიის ჩიპების წარმოება ივნისში დაიწყო. აღნიშნულ ნახევარგამტარებზე თანამშრომლობა კი ისეთ კომპანიებთან განიხილებოდა, როგორებიცაა: Qualcomm-ი, Tesla და Advanced Micro Devices-ი.
მოგეხსენებათ, Samsung-ი მეხსიერების ჩიპების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია. თუმცა, კომპანიას მოწინავე ტექნოლოგიის ჩიპების წარმოებაში გარკვეული შეფერხებები შეხვდა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, Samsung-ი ტაივანური კონკურენტისათვის, TSMC-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად ჯერ მზად არ იყო. პრობლემა კი განსაკუთრებით მომხმარებლებთან და კონტრაქტორებთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბების სირთულეში გახლდათ.