საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბეთ ბორნმა თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპარლამენტის არჩევნებისა და ზაფხულის პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე, ახალი მთავრობა უნდა დაასახელოს.
ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ ვინ დაიკავებს ბორნის თანამდებობას. პრეზიდენტის სასახლის ინფორმაციით, მოქმედი პრემიერი პოსტზე ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე დარჩება. როგორც გადადგომის წერილში ბორნი აღნიშნავს, ის და პრეზიდენტი მაკრონი შეთანხმდნენ, რომ დღეს საფრანგეთში, ისე როგორც არასდროს, რეფორმების საჭიროება დგას.
ბოლო წელია, საფრანგეთი პოლიტიკურ კრიზისს ებრძვის, რაც გამოწვეულია ქვეყნის სადავო საპენსიო რეფორმითა და საიმიგრაციო კანონით. პრემიერისა და მთავრობის ცვლილება მიუთითებს, რომ ქვეყანას ახალ პრიორიტეტებზე, მათ შორის დასაქმების საკითხზე, ფოკუსირება სურს.
ევროპარლამენტში არჩევნები ივნისშია დანიშნული. არჩევნებამდე კი ევროპის მასშტაბით მოსახლეობის უკმაყოფილება, რომლებიც საცხოვრებელი ხარჯების ზრდითა და ევროპის მთავრობების მხრიდან მიგრაციის ნაკადის შესაკავებლად გატარებული წარუმატებელი ზომებითაა გამოწვეული, იმატებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთში, არჩევნების წინ მაკრონის პარტია მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიას დაახლოებით 8-10 პროცენტით ჩამორჩება.
ბორნის შემცვლელ პოტენციურ კანდიდატებს შორის საფრანგეთის განათლების მოქმედი მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი და თავდაცვის მინისტრი, 37 წლის სებასტიენ ლეკორნუ განიხილებიან. არჩევის შემთხვევაში, ორივე მათგანი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იქნება.