რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს.
Reboot Digital Agency-მ ბიზნესის დასაწყებად წლის 12 საუკეთესო ქვეყანა დაასახელა. რეიტინგის შესადგენად, სააგენტომ მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მონაცემები და ისეთი ინდიკატორები გამოიყენა, როგორიცაა ბიზნესის დასაწყებად საჭირო მინიმალური კაპიტალი და დასარეგისტრირებლად საჭირო დრო.
ანგარიშის მიხედვით, ბიზნესის დასაწყებად საუკეთესო ქვეყანა ახალი ზელანდიაა. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 100-დან 99.96-ია, თუმცა წინა წელთან შედარებით მისი ქულა 0.18%-ით შემცირდა.
რეიტინგში საქართველო მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 97.84-ია, რაც წინა წელთან შედარებით, 2.12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოს უსწრებს ჰონგ კონგი და კანადა.
რეიტინგში ხუთეულს იამაიკა ასრულებს, სინგაპური კი მეექვსე პოზიციაზეა. მეშვიდე და მერვე ადგილებზე ავსტრალია და ირლანდია არიან, ხოლო ათეულს კორეა და კოსოვო ასრულებენ. ბიზნესის დასაწყებად 12 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა უზბეკეთი და ესტონეთი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის რეიტინგში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 82.04-ია. ყველაზე ცუდი პოზიცია საქართველოს კრიტერიუმში “ვაჭრობა საზღვრების გარეშე” აქვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა 62-ე ადგილზეა.