საქართველოს ბანკი და SOLO, ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით, ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის ავტორთან, ლევან ბახიასთან ერთად, მასშტაბურ პროექტს HOLOSEUM-ს იწყებს. პროექტის მიზანია ქართველი და არამარტო ქართველი არტისტების ხელოვნების შედევრების პოპულარიზაცია. თეატრის მხატვრების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. HOLOSEUM-ი ერთგვარი მუზეუმია ჩარჩოების გარეშე, რომელიც დამთვალიერებელს გაცოცხლებულ ნახატებში მოგზაურობის დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს. ეს არის პერმანენტული მუზეუმი, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება და აპრილამდე გასტანს. საქართველოს ბანკის და SOLO-ს პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენა ჩარჩოების გარეშე დამთვალიერებელს 120 პროექტორით, 750 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, ანიმირებული ნახატების სამყაროში ამოგზაურებს. მუზეუმში სხვადასხვა ინტერაქციული თუ სტატიკური ტექნიკების და დანათების გამოყენებით შექმნილია ჰოლოგრამული და მოცულობითი ვიზუალი. სწორედ ჰოლოგრამის სახით იქნება გამოფენილი მუზეუმში ისტორიული მოვლენები, ისეთი საინტერესო ნიმუშები, როგორიც სოლიკო ვირსალაძის თეატრალური და სასცენო ესკიზები და ნამუშევრებია. მომხმარებელი ასევე შეძლებს მულტი განზომილებიანი პროექციების სამყაროში იხილოს ლადო გუდიაშვილის და სხვა არტისტების ნამუშევრები.
პროექტის მიმდინარეობის პარალელურად ჰოლოგრამების მუზეუმი გარდაიქმნება ღია სივრცედ, სადაც ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების, ინოვაციების, განათლების, მუსიკის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით გაიმართება ახალგაზრდა არტისტების ინსტალაციების გამოფენა, საინტერესო თოქები და ვორქშოპები, სემინარები. ასევე, მოეწყობა წიგნისა და იოგის კლუბები, კინოჩვენებები.
“მოხარულები ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა ამ ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებაში. ჰოლოზეუმი ეს არის პროექციების სამყარო, სადაც შუქი, მოძრაობა და მუსიკა სიცოცხლით ავსებს ქართულ მხატვრობას, ხელოვნებას და ისტორიას, რითიც ასე მდიდარია ჩვენი ქვეყანა. გვინდოდა ამ პროექტის განხორციელებით კიდევ უფრო შეგვეწყო ხელი ქართველი ნიჭიერი არტისტების შემოქმედების პოპულარიზაციისთვის. მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, ინოვატორებისთვის. იმედი გვაქვს, ჰოლოგრამების მუზეუმის უნიკალური სივრცე შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამთვალიერებელს, უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ ხელოვნებასა და კულტურას, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში და საინტერესოდ გაატარონ დრო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
“ჰოლოზეუმი არის ადგილი სადაც ჩვენ ვეცდებით რომ წარმოვადგინოთ ქართული ნიჭი. დიახ ხელოვნება ნიჭიდან იწყება და ჩვენ, ქართველები სამწუხაროდ, სათანადოდ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს ნიჭსა თუ კულტურას. პირველი გამოფენა ფიროსმანს ეძღვნება და დარწმუნებული ვარ, ფიროსმანი ყველას სმენია, თუმცა ბევრისთვის არ არის ცნობილი ნახატები, რომელსაც ფიროსმანი ხატავდა. ჰოლოზეუმი დამთვალიერებელს მისცემს შესაძლებლობას 21 საუკუნეში შეეხოს წარსულს. ამიტომ ველით ყველას, ვისაც მხატვრობა და შემოქმედება უყვარს”, – განაცხადა პროექტის ავტორმა, ლევან ბახიამ.