საქართველოს ბანკი საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს. პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ 70 კომპანია შეძლებს ბიზნესის გაციფრულებას. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.
ინიციატივის ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით.
პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურთ.
„დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ციფრული არხების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს ბანკი იმ მიზნით ჩაერთო პროექტში, რომ კიდევ უფრო მეტმა ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და დისტანციური არხებით წარმატებული საქმიანობა. აღნიშნული ინიციატივა ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული კომერციის განვითარებას. მეორე მხრივ კი, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, ონლაინ გადახდის სისტემის მეშვეობით კიდევ უფრო გაზარდოს გაყიდვები და გადავიდეს დახვეწილი ელექტრონული კომერციის ეტაპზე“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბეჟიაშვილი.
ინფორმაციისთვის, პროექტი “უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ კომპანია „ინტეგრალის“ ჩართულობით ხორციელდება, რომელიც მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებგვერდის შექმნაში ეხმარება. S