საქართველოს ბანკის Data Challenge-ის პირველი სერიის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის პირველი სერიის გამარჯვებულები ცნობილია

საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქართველოში პირველად, ბანკმა მონაცემთა მიმართულებით ყველაზე მასშტაბური პროექტი – Data Challenge-ების სერია წამოიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი სერიის 3 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, ესენია: Pier Piper, Synapse და Brainblinker.

Data Challenge-ის პირველი ამოცანა სარეკომენდაციო სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტას ეხებოდა. გამოწვევაში როგორც ინდივიდუალური, ასევე რამდენიმე ადამიანისგან დაკომპლექტებული 125 გუნდი იღებდა მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 12-მა გუნდმა საქართველოს ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს გადააჭარბა. მათ შორის პირველი 3 კი 30,000, 15,000 და 5,000 ლარით დასაჩუქრდა.

გუნდებმა მუშაობის პროცესში როგორც ტრადიციული, ასევე ჰიბრიდული მეთოდები და სხვადასხვა ალგორითმები გამოიყენეს, მათ შორის Collaborative Filtering, Content Based Filtering, Deep Learning და სხვ. პროექტის მონაწილეები პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ შეფასდნენ, ხოლო მენტორობას მათ საქართველოს ბანკის თანამშრომლები უწევდნენ. აღსანიშნავია, რომ Data Challenge-ის ფარგლებში, მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, კარიერული განვითარება გააგრძელონ საქართველოს ბანკში.

„გვიხარია, რომ ჩვენი ჩართულობით საქართველოში პირველი Data Challenge-ის სერია წარმატებით ხორციელდება. კონკურსი მონაწილეებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით მიიღონ საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება და აღმოაჩინონ მათთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები. სასიხარულოა, რომ პროექტის პარალელურად, ჩამოყალიბდა 250-მდე ადამიანისგან შემდგარი კომუნა, რომლის ფარგლებშიც მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ. გვჯერა, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ახალი ტალანტების აღმოჩენას და მონაცემთა მეცნიერების  განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს განვითარებისა და აღმოჩენების საინტერესო გზაზე “, – აცხადებს საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ირაკლი გოგატიშვილი.

ინფორმაციისთვის, Data Challenge-ში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც სწავლობს ან დასაქმებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის ან ეკონომიკის სფეროში.  დაელოდე პროექტის მომდევნო გამოწვევას და თვალი ადევნე სიახლეებს Data Challenge-ის გვერდზე:  https://bit.ly/3nH7Wrf

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *