საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის

საქართველოს ბანკისა და USAID –ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ბიზნესის გაძლიერებისთვის

საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანამშრომლობით, რამდენიმე თვეა იმ ბიზნესების ხელშეწყობის პროექტი ხორციელდება, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის სფეროში საქმიანობენ. უკვე 20-მდე ქართული კომპანია ჩაერთო პროექტში, ერთ-ერთი კი ეკოლოგიურად სუფთა თოჯინების სახელოსნო „ხელნაკეთი თოჯინები ლილეა“.

2011 წლიდან, კომპანია როგორც ანტიალერგიული მასალისგან დამზადებულ საბავშვო სათამაშოებს, ასევე თოჯინა-სუვენირებს და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთებს აწარმოებს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით,  სუვენირების მაღაზიებში და კომპანიის Facebook გვერდზე. ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, Etsy.com და ebay.com პლატფორმებზე.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის პროდუქტის წარმოებაა. პროგრამის ფარგლებში ბიზნეს გეგმის სწორად ჩამოყალიბებასა და წარმოების გაზრდაზე ვმუშაობთ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი შესაძლებლობების უკეთ ათვისებასა და განვითარებაში გვეხმარება“, – აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი, ცირა პავლიაშვილი

განსაკუთრებული პოპულარობით კომპანიის მიერ წარმოებული თოჯინა-სუვენირები სარგებლობს – სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი თოჯინები, რომლებიც კარგად წარმოაჩენენ ეროვნულ ხასიათს, ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.

„მომხმარებელს კონკრეტული ადამიანის ან პერსონაჟის პროტოტიპ თოჯინებსაც ვთავაზობთ, მიმსგავსებული ხასიათით, ტანსაცმლით, ვარცხნილობითა და აქსესუარებით. ასეთი ორიგინალური საჩუქარი უემოციოდ არ ტოვებს არც ერთ ადრესატს. მოხარული ვართ, რომ პროგრამაში მონაწილეობით გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ მეტ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი პროდუქცია და გავუზიაროთ ეს ემოციები. წარმოების გაზრდა, მეტი ადამიანის დასაქმება, ადგილობრივ ბაზარზე მეტი პროდუქციის განთავსება და ქართული ნაწარმის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია – ეს ის მიზნებია, რომელის მიღწევაშიც საქართველოს  ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთობლივი პროექტი გვეხმარება  “, – დასძენს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით. ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების, შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას. პროექტი კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ისეთ საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და სხვ.