საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერისათვის მნიშვნელოვან ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული. სწორედ ამ მიზნით ბანკმა მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში – “ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“.
ფორუმმა თავი მოუყარა პედაგოგებს, ინდუსტრიის ლიდერებს, პოლიტიკის შემქმნელებს, მეცნიერებს და ტექნოლოგიების ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. ფორუმზე დისკუსიის თემა იყო ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მოიტანა ციფრულმა რევოლუციამ განათლებაში და ხელოვნურმა ინტელექტმა, მისმა განვითარებამ. ფორუმის მიზანი იყო გამოეკვლია თუ როგორ შეიძლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებისა და სწავლის გასაუმჯობესებლად და მისი გარდაქმნისთვის. ასევე, ინდუსტრიის ლიდერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილული იყო ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელების საუკეთესო სტრატეგიები საკლასო ოთახებსა და საგანმანათლებლო გარემოში.
ფორუმზე ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა, დარგის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად გამართეს პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები. ჩატარდა ვორკშოპები, სადაც ისაუბრეს იმაზე, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. პანელურ დისკუსიაში – „განათლების მომავალი უმაღლეს სასწავლებლებში ციფრული ტრანსფორმაციის მიღწევები, შესაძლებლობები და გამოწვევები“ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ მიიღო მონაწილეობა. მან განათლებისა და ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დარგის ასეთი მაღალი დონის ექსპერტებთან ერთად მესაუბრა ინოვაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიურ ბანკს, რომლის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა, ზუსტად გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის როლის გააზრება განათლებაში. ჩვენ თავად ვიყენებთ მანქანურ სწავლებას და საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქართული ენის გაციფრულებას. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ რომ ამ კუთხით განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი თაობისთვის და არაერთ პროექტსაც ვახორცილებთ. იქნება ეს STEM სკოლა, STEM ბანაკი თუ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, პროექტის – Code IT-ის განხორციელება, რაც პროგრამირების სასწავლო კურსში ყოველწლიურად 350-მდე მოსწავლის ჩართვას გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. რამდენადაც ტექნოლოგია აგრძელებს ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილის შეცვლას, ცხადია, განათლებაც უნდა მოერგოს ამ ცვლილებებს და სწორედ ამ მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო პანელზე“,- აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
„ორი დღის მანძილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს, სადაც ბიზნესის, მთავრობის, განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განვიხილეთ, თუ რა როლს ასრულებს უნივერსიტეტი თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მთლიანად ცვლის არსებულ რეალობას, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ახალი პროფესიების დაუფლების მხრივ, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის კუთხით. ფორუმზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების თემებზე. ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის და მოხარულია, უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს და შესაბამისი პლატფორმა შექმნას აქტუალურ და საჭირო თემებზე სადისკუსიოდ“, – აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, მაგდა მაღრაძემ.
KIU-ს შესახებ:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 160 ჰექტარ მიწის ფართობზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადი 2020-2021 სასწავლო წელს ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) მიიღო. დღეისათვის უნივერსიტეტში 1 200-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU-ს პარტნიორია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი (TUM and TUM International).
S