საქართველოს ევროპული პერსპექტივა - დიდი შესაძლებლობა

საქართველოს ევროპული პერსპექტივა - დიდი შესაძლებლობა

3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, რაც მოჰყვა უკრაინის იმავე გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ რუსეთის ათიათასობით სამხედრო დანაყოფის უკრაინაში აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შეჭრის შემდეგ მიიღო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს მოუწოდა, რომ საქართველოს წევრობაზე განაცხადი დაჩქარებულად განეხილათ და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ. მაშინ როდესაც ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის სტატუსის საკითხი, 16 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ის საქართველოს კანდიდატურაზე არ გასცემს რეკომენდაციას, არამედ მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე. კომისიამ შეიმუშავა რიგი პირობებისა, რომელთა შესრულების შემდეგ გაიცემა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია.

საქართველოს მთავრობის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება მოჰყვა საზოგადოებაში უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობითა და ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში არმონაწილეობით გამოწვეულ უკმაყოფილებას. საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რასაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გააქტიურება მოჰყვა. მას შემდეგ საქართველო და ევროკავშირი რეფორმების განხორციელებაზე მუშაობდნენ, რომლებიც შეთანხმებისამებრ საქართველოს მთავრობას  უნდა შეესრულებინა. 2021 წლის ასოცირების შესრულების შეჯამების მიხედვით, საქართველო „სტაბილურად აგრძელებდა ევროპულ გზაზე სვლას“ და „რჩებოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული“. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ხაზს უსვამდა მნიშვნელოვან გამოწვევებსაც, როგორიცაა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობა. აღსანიშნავია, რომ ასეთმა საკითხებმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის, პოლიტიკური დაახლოებისა და თავისუფალი ვაჭრობისთვის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მოცემული ხელშეკრულება არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობის გარანტიას, თუმცა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები ქვეყნებს კანდიდატობის სტატუსის მისაღებად საჭირო ეკონომიკური და ადმინისტრაციული პირობების დაკმაყოფილებაში ეხმარება. მიუხედავად ამისა, საქართველოში 2018 წლიდან დღემდე დემოკრატიის ხარისხი არსებითად უარესდება. საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო ავლენს ავტორიტარულ თვისებებს: დამოუკიდებელ მედიას ავიწროებს და სასამართლო სისტემის პოლიტიზებას ახდენს. ასეთი პრობლემები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო მკაცრი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას საკმაოდ ართულებს. ამავდროულად, მმართველი პარტია უკრაინის მიმართ აქტიურ მხარდაჭერას არ გამოხატავს და არც რუსეთის წინააღმდეგ აპირებს სანქციების დაწესებას. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთავრობამ შარლ მიშელის შეთანხმებით გაწერილი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს და უკრაინას სრული სოლიდარობა გამოუცხადოს.

მიუხედავად საქართველოს არადემოკრატიული ტრაექტორიისა, ევროკავშირმა მაინც შესთავაზა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. საქართველოს შეუძლია კანდიდატის სტატუსის მოპოვება, თუ ის შეასრულებს გარკვეულ პირობებს. ევროკომისია კი 2022 წლის ბოლოს აღრიცხავს ყველა იმ რეფორმას, რომლებიც გატარებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ. ეს რეკომენდაციები ძირითადად მოიცავს სასამართლო რეფორმას, მედიის პოლარიზაციის დაძლევას, საარჩევნო რეფორმას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას.

არსებული აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა არ მოიცავს გაწევრიანების პერსპექტივას. აქედან გამომდინარე, უკრაინისა და მოლდოვის მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ 23-24 ივნისს გადაწყდება, საჭირო გახდება ევროკავშირსა და მოლდოვასა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალი ფორმატის შემუშავება. ეს ქვეყნები დიდი ალბათობით ბალკანეთსა და თურქეთთან ურთიერთობის ფორმატში მოხვდებიან. მეორე მხრივ კი აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ წამოყენებული პირობები საქართველოს დიდი ალბათობით პოტენციურ კანდიდატად აქცევს. საქართველოს აღმოსავლეთის პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებთან ერთად მოაზრება არარელევანტურიც კი იქნება, რადგან სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან შედარებით მას ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით მეტი შედეგი აქვს და ე.წ. ასოცირების ტრიოს ნაწილიც იყო.

ევროკავშირის ურთიერთობები კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან მოქცეულია სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესების ფარგლებში. ეს ის ჩარჩოა, რომელშიც ქვეყნები ევროკავშირთან ასოცირებას სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ახდენენ, ასეთია გაწევრიანებამდელი დახმარების ფინანსური ინსტრუმენტიც. საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა აქვს, დიდი ალბათობით, იმავე ჩარჩოში იქნება განხილული უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. აღსანიშნავია ასევე, რომ დახმარება როგორც კანდიდატი, ასევე პოტენციურად კანდიდატი ქვეყნებისთვისაა. ამ სიტუაციაში საქართველოს მთავრობისთვის აუცილებელია ევროკომისიის მეირ გაწერილი პირობების შესრულებაზე მუშაობა. საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარება აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ასევე მთავრობამ „დეოლიგარქიზაციისკენ“ მიმართული ზომები უნდა მიიღოს; ხელი შეუწყოს პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიის გარემოს განვითარებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოება ჩართოს.