გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები შესთავაზა.
წარდგენილი კანდიდატების ასარჩევად საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრა უნდა ჩაატაროს. შესაბამისი ხმების მიღების შემთხვევაში ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები გახდებიან. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ წარდგენილ კანდიდატებს, გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
გიზიარებთ დამატებით ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების შესახებ:
ნანა ყეინიშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია. მას განათლება საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით აქვს მიღებული. 2001-დან 2012 წლამდე ის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი გახლდათ. 2012 წლიდან კი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. 2012-2016 წლებში ნანა ყეინიშვილი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ პარტიული სიით. საპარლამენტო საქმიანობისას ის სხვადასხვა პერიოდში გახლდათ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების წევრი.
თეიმურაზ ხომერიკი სხვადასხვა დროს თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მრჩევლის პოზიციებს იკავებდა. გარდა ამისა, საქმიანობდა აკადემიურ სფეროში და იკავებდა დეკანის თანამდებობასაც. 2000-2005 წლებში გახლდათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. 2015 წელს ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით შვიდი წლის ვადით ირჩევს. კანდიდატების დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესაჭიროება. ამჟამად სებ-ის საბჭოში შვიდი წევრია, აღნიშნული ორი ადგილი კი ვაკანტურია.