საქართველოს რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონები, სადაც ყველაზე მეტი მშენებლობა მიმდინარეობს

2017 წლის 9 თვეში საქართველოში 8070 სამშენებლო ნებართვა გაიცა. სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაცემული სამშენებლო ნებართვებდან ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის, – იანვარ-სექტემბერში თბილისში 3751 სამშენებლო ნებართვა გაიცა.

905 სამშენებლო ნებართვა გაიცა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში 512, ხოლო ქვემო ქართლში 1023.

ყველაზე ნაკლები სამშენებლო ნებართვა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაიცა და მათი რაოდენობა 35-ს შეადგენს. 95 სამშენებლო ნებართვა გაიცა გურიაში.

გაცემული სამშენებლო ნებართვებიდან ყველაზე დიდი წილი საცხოვრებელ შენობებზე მოდის (5234); 650 ნებართვა გაიცა სავაჭრო ობიექტის მშენებლობაზე, ხოლო 225 სასტუმროს მშენებლობაზე. 

კაფე-ბარის და რესტორნის მშენებლობაზე წლის დასაწყისიდან 102 ნებართვა გაიცა, სამრეწველო და სასაწყობე შენობაზე კი 410. 

გარდა ამისა, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე გაცემულია 66 ნებართვა.

იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჯამში 2081 მშენებლობა დასრულდა. მათ შორის 1053 საცხოვრებელია, 312 სავაჭრო ობიექტი, 46 სასტუმრო, 136 კი სამრეწველო და სასაწყობე შენობა. 

დასრულებული მშენებლობების ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის, – საანგარიშო პერიოდში თბილისში ჯამში 662 მშენებლობა დასრულდა, – აქედან 18 ადმინისტრაციული შენობაა, 507 საცხოვრებელი, 29 სავაჭრო ობიექტი, 8 კაფე-ბარი, 11 სასტუმრო და 43 სამრეწველო და სასაწყობე შენობა.

94 მშენებლობა დასრულდა აჭარაში, საიდანაც 16 სასტუმროა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 160 მშენებლობა დასრულდა, იმერეთში 210, კახეთში 229, მცხეთა-მთიანეთში 124, ხოლო ქვემო ქართლში 292.