საქართველოს უმსხვილესი კომპანიები - TOP 20

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები - TOP 20

საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგზე მოდის. ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, 2017 წლის III კვარტლის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19,7%-ით გაიზარდა და 18,6 მილიარდი ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება საქართველოს უმსხვილეს კომპანიებს ბრუნვის მიხედვით, მათგან 3 სახელმწიფოს მფლობელაში არსებული საწარმოა – თელასი, ესკო და საქართველოს რკინიგზა. 

უმსხვილეს კომპანიებში დომინანტობენ ნავთობკომპანიები. პირველი ოცეულიდან 6 სწორედ ნავთობკომპანიაა. ამასთან, რეიტინგში მოხვდა ორი აზარტული თამაშების მოწყობით დაკავებული საწარმოც. მოწინავე პოზიციაზეა ენერგეტიკული სექტორიც. 

უმსხვილესი კომპანიებიდან 3 საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების სიაშიც შედის – ენერგო-პრო ჯორჯია, ჯორჯიან მანგანეზი და საქართველოს რკინიგზა. 

ოცეულში რომელიც ეყრდნობა საქსტატის ბრუნვის მაჩვენებლებს, არ შედის საბანკო და სადაზღვევო სექტორი. ამასთან, პირველი ოცეული არაა დალაგებული რეიტინგის მიხედვით და საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რამდენი იყო საანგარიშო პერიოდში მოცემული კომპანიების ბრუნვის მაჩვენებელი. 

ბიზნესსექტორის ტოპ-20 საწარმო შემდეგია: 

  • შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება
  • სს ენერგო – პრო ჯორჯია – საქმიანობა: ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ
  • სს თელასი – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
  • სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) – საქმიანობა: ელექტროენერგიის განაწილება
  • ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში – საქმიანობა: გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა
  • შპს ტოიოტა კავკასია – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით
  • შპს ჯიდიაი – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით
  • შპს პსპ ფარმა – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
  • შპს სოკარ ჯორჯია გაზი – საქმიანობა: საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს რომპეტროლ საქართველო – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • სს გეფა – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით
  • სს საქართველოს რკინიგზა – საქმიანობა: რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია – საქმიანობა: საცალო ვაჭრობა ბენზინით
  • შპს მაგთიკომი – საქმიანობა: უსადენო ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები
  • შპს ჩემპიონები 111 (europe-bet) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები
  • შპს სუპერბეთი 2014 (კრისტალ ბეთი, ლიდერბეთი) – საქმიანობა: აზარტული თამაშების საქმიანობები.