საქართველოში ე.წ Angel ინვესტორთა კლუბი ჩამოყალიბდება. შესაბამისი გეგმა საქართველოში მოღვაწე რამდენიმე ბიზნესმენს აქვს, რომელთაც კერძო სექტორში წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვეს, ესენი არიან: გია ბაზღაძე, გელა სული და ესბენ ემბორგი. ე.წ. ენჯელ ინვესტორები არიან ადამიანები, რომლებიც დამწყებ ბიზნესებს – startup–ებს ადრეულ ეტაპზევე აფინანსებენ – რისკი მაღალია, თუმცა თუ სტარტაპმა გაამართლა და წარმატებულ ბიზნესად იქცა, უკუგებაც შესაბამისია.
კლუბის თანადამფუძნებლებმა გადაცემა “Forbes კვირასთან“ ექსკლუზიურად ისაუბრეს. როგორც ერთ–ერთი თანადამფუძნებელი გია ბაზღაძე აცხადებს, საქართველოში სტარტაპებისთვის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა, დღესდღეობით კი, საქართველოში მათი ხელისშემწყობი ძირითადად სახელმწიფოა.
„ჩვენ გვინდა, გავაერთიანოთ ბიზნესმენები, რომლებიც იქნებიან თანამოაზრეები, გაიზიარებენ ერთ ფილოსოფიას – ისინი მზად იქნებიან ახალი წამოწყებების დაფინანსებისთვის, გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას დამწყებ ბიზნესმენებს, თუმცა ამისთვის რა თქმა უნდა, მოგებასაც მიიღებენ“, – აცხადებს გია ბაზღაძე.
ანგელოზ ინვესტორთა კლუბი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ გაერთანდებიან კლუბში და რა წესებით იმუშავებს ბიზნესმენთა ახალი გაერთიანება.
როგორც კლუბის ერთ–ერთი დამფუძნებელი გელა სული აცხადებს, მათი მიზანია, ერთი მხრივ, უკვე გამოცდილ ბიზნესმენებს დაანახონ, რომ ქართულ სტარტაპებთან მუშაობა სავსებით შესაძლებელი და მომგებიანიც არის, მეორე მხრივ კი, სტარტაპებს დაფინანსების მოპოვების საშუალება სამშობლოშივე მისცენ.
“ყველაფერთან ერთად, ჩემი რჩევა იქნებოდა სტარტაპერებისთვის – მასშტაბურად იფიქრონ. საკუთარი იდეები მოარგონ არამხოლოდ საქართველოს, არამედ – რეგიონის ბაზარს მაინც“, – აცხადებს გელა სული.
ანგელოზ ინვესტორთა კლუბის ჩამოყალიბების საკითხზე სამსჯელოდ კლუბის თანადამფუძნებლები და ბიზნესის სხვა წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში შეიკრიბნენ. ღონისძიებაზე დისტანციურად მოისმინეს სხვადასხვა ქვეყნების წარმატებული მაგალითები.
კლუბის დამფუძნებლები ამ ეტაზეც სხვადასხვა ბიზნესში არიან ჩართული. მაგალითად, გია ბაზღაძე კინოთეატრების ქსელი „კავეას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეა. წლების განმავლობაში, ასევე მოღვაწეობდა საერთაშორისო აუდიტორიულ ფირმა E&Y-ში; ესბენ ემბორგი წლებია საქართველოში ცხოვრობს და ამჟამად ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას ფლობს. გელა სული კი, წლების განმავლობაში მოღვაწეობდა აშშ–ში და წარმატებულ ბიზნეს-საქმიანობასაც ეწეოდა.