საქართველოში საშუალო ხელფასის მოცულობა გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ქვეყანაში საშუალო ხელფასმა 1,256 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.4%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მიხედვით, სექტორები, რომლებშიც ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასები დაფიქსირდა, ასე ნაწილდება:
1) საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2,448 ლარი, კლება წინა წელთან 5.7%;
2) კომუნიკაციბი და ინფორმაცია – 2,159 ლარი, ზრდა წინა წელთან 14.4%;
3) პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1,798 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
4) მშენებლობა – 1,664 ლარი, კლება წინა წელთან 2.3%.
საქსტატის მიხედვითვე, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1,022 ლარით, ხოლო კაცების – 1,473 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალებისას.