აშშ-ის სასამართლომ სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) მიერ კრიპტობირჟა Binance-სა და მისი აღმასრულებელი დირექტორის ჩანპენ ჟაოს წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით წამოწყებულ სამართლებრივ დავაზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, CFTC-ისთვის კომპანიას $2.7 მილიარდის, თავად ჟაოს კი $150 მილიონის გადახდა მოუწევს.
განჩინებით, ილინოისის ჩრდილოეთ ოლქის აშშ-ის რაიონულმა სასამართლომ ნოემბერში გამოცხადებული გადაწყვეტილება დაამტკიცა, რომელიც ჟაოსა და Binance-ის წინააღმდეგ სამოქალაქო ფულადი ჯარიმისა და საქმიანობაზე მუდმივი აკრძალვის დაწესებას ითვალისწინებდა. აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) ინფორმაციით, შეთანხმება ნოემბრის ბოლოს იქნა მიღწეული.
კომისიის ცნობით, სასამართლომ $150 მილიონის სამოქალაქო ფულადი ჯარიმა პირადად ჟაოს დააკისრა, Binance-ის შემთხვევაში კრიპტობირჟას $1.35 მილიარდის გადახდა უკანონოდ მითვისებული ტრანზაქციის საფასურის ასანაზღაურებლად, ხოლო $1.35 მილიარდისაც CFTC-ისთვის ჯარიმის სახით მოუწევს. ცნობისთვის, CFTC კრიპტობირჟას მომხმარებლებისთვის არარეგისტრირებული კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის შეთავაზებაში ადანაშაულებდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში Binance-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანპენ ჟაომ ფულის გათეთრებასა და საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში თავი დამნაშავედ ცნო და კომპანია დატოვა. მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟას აშშ-ის ბაზრიდან იძულებით გასვლა მოუწია და მას $4 მილიარდამდე ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.