ესტონეთი: გასამარჯვებლად უკრაინელებმა 2024 წელს 100,000 რუსი სამხედრო უნდა გაანეიტრალონ

ესტონეთი: გასამარჯვებლად უკრაინელებმა 2024 წელს 100,000 რუსი სამხედრო უნდა გაანეიტრალონ

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც არსებობდა. კონტრშეტევის შეფერხება მრავალი ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. ომის მიმდინარეობისათვის 2024 წელი შესაძლოა გარდამტეხიც აღმოჩნდეს.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის 2025 წლისთვის დასამარცხებლად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2024 წელს 100,000 რუსი სამხედრო უნდა გაანეიტრალოს.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დასავლური სადაზვერვო სამსახურისა თუ უკრაინული მხარის მიერ ოფიციალური ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 315,000 რუსი სამხედრო განადგურდა. საშუალოდ კი უკრაინელი სამხედროები წელიწადში 172,000 რუს სამხედროს ანეიტრალებენ. შესაბამისად, მათემატიკურად აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, კრემლს 6 თვეში 130,000 სამხედროს რეკრუტირებისა და მომზადების რესურსი აქვს. დაჩქარებული წვრთნების პირობებში კი რუსი სამხედროები ადვილ სამიზნეებს წარმოადგენენ. მაგალითად, ქალაქ ავდიივკას მიმართულებაზე უკრაინელებმა ორ კვირაში 13,000-მდე რუსი სამხედრო გაანეიტრალეს. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით კი, 2024 წელს 100,000 რუსი სამხედროს განეიტრალება რუსეთის საწვრთნელ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და წელიწადში 80,000-ზე დაასტაბილურებს. ამან კი შესაძლოა, ომში უკრაინას გარდამტეხი უპირატესობა მოაპოვებინოს.

თუმცა გასათვალისწინებელია უკრაინის დანაკარგებიც. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 თვეში უკრაინის მხარეს 200,000-მდე სამხედრო დაიჭრა ან დაიღუპა.