სასურველი დამსაქმებელი

სასურველი დამსაქმებელი

მიუხედავად იმისა, რომ Lendo-ს სწრაფი სესხების ბაზარზე ოპერირების ერთი წელიც არ შესრულებია, მისმა მენეჯმენტმა შეძლო და ის ერთ-ერთ სასურველ დამსაქმებლად აქცია იმ კორპორაციული კულტურის წყალობით, რომელსაც კომპანიაში ყოველდღიურად ნერგავენ.

ათი თვის წინ სამი ფილიალით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე 30 ფილიალს ითვლის, რომელთაგან 14 თბილისში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი – ქვეყნის თითქმის ყველა ნაწილში, გარდა მაღალმთიანი რეგიონებისა. ამასთან, კომპანიას სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში აქვს ბრენდირებული სტენდები, სადაც ნაღდი ფულის სახით სესხების გაცემა ხდება. რეგიონებში კი ყოველდღიურად მისი მოძრავი ფილიალი, “ლენდომობილი” გადაადგილდება.

მართალია, სწრაფი სესხების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და ერთმანეთს კონკურენციას 40-ზე მეტი კომპანია უწევს, მაგრამ Lendo-ს სხვა ტიპის უპირატესობები გააჩნია. სესხი გაიცემა ბევრად სწრაფად, 75 წლის ასაკამდე მსურველთათვის და რაც მთავარია – ნაღდი ფული 10 წუთში!

“რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი მსესხებლები, რომლებისთვისაც ონლაინსერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია, თუმცა გვყავს ისეთი მსესხებლებიც, რომლებსაც კომპიუტერთან შეხება არა აქვთ, განსაკუთრებით – რეგიონებში. ადამიანები პირდაპირ მოდიან ფილიალში და ხუთ წუთში იღებენ სესხს ნაღდი ფულის სახით. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ხელმისაწვდომები ყველგან”, – ამბობს Lendo-ს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი.

Lendo დღეისთვის ორასამდე ადამიანს ასაქმებს და მისი მენეჯერები განსაკუთრებულად ამაყობენ იმ კორპორაციული კულტურით, რასაც კომპანიაში მისი შექმნის დღიდან ამკვიდრებენ. გარდა იმისა, რომ კომპანიაში იერარქიულ რგოლებს შორის უკუკავშირის სისტემა იმგვარად მუშაობს, რომ მენეჯმენტი მუდმივ კავშირშია ფრონტთან და უშუალოდ კლიენტებთან, ცალკე რეპორტინგის სისტემა მოქმედებს საშუალო რგოლის მენეჯმენტისთვის იმ მიზნით, რომ მათ ზედა რგოლის მენეჯმენტის მუშაობა შეაფასონ.

“თუ გვინდა, რომ განვვითარდეთ, აუცილებელია, ყველას მოვუსმინოთ და ღია ვიყოთ ნებისმიერი ჯანსაღი კრიტიკისა თუ უკუკავშირის მიმართ”, – ასე განმარტავს Lendo-ს აღმასრულებელი დირექტორი კომპანიის კორპორაციული პოლიტიკის პრინციპს.

მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის მჭიდრო კავშირი დადებითად აისახება კადრების ზრდის ტემპზეც. კომპანიაში ცდილობენ, ისინი დააწინაურონ, “ვინც კარიერულად Lendo-სთან ერთად გაიზარდა”.

“გვქონია შემთხვევა, როცა თანამშრომელი უკეთესი პირობების შეთავაზებით გადასულა სხვა კომპანიაში და დაბრუნებულა ჩვენთან. ჩვენი მართვის სტილი და კორპორაციული კულტურა ძალიან მკაფიოა, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, რომელიც იბრძვის კონკრეტული მიზნის მისაღწევად და რომელსაც აერთიანებს ერთიანი ხედვა. გუნდის თითოეული წევრის ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია კომპანიის წარმატებაში, ჩვენ ვართ გუნდი, სადაც ყველაფრის განხილვა ხდება ღიად და გამჭვირვალედ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად. მენეჯმენტის პოლიტიკა და კულტურა აგებულია თანამშრომლების ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე. სწორედ ესაა წარმატების საიდუმლო”, – ხაზგასმით აღნიშნავს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ნონიკაშვილი.

კომპანიაში გამჭვირვალეა ახალი თანამშრომლების მიღების პროცესიც, თუმცა ტრადიციული დამსაქმებლებისგან განსხვავებით, Lendo-ში პოტენციური თანამშრომლის გამოცდილებაზე მეტად, ყოველთვის მისი გუნდური მუშაობისა და ადაპტაციის უნარები აინტერესებთ.

საგულისხმოა, რომ Lendo-ში დასაქმებულთა 80 პროცენტი ქალია, რასაც კომპანიის მენეჯმენტი იმით ხსნის, რომ ისინი მეტად აქტიურები არიან სამსახურის ძებნის თვალსაზრისით და ხშირ შემთხვევაში უკეთ შეუძლიათ თავის წარმოჩენა.

“ძალიან აქტიურად ვასაქმებთ სტუნდენტებს, რომლებიც საღამოს და შაბათ-კვირას მუშაობენ, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებით. ეს მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა”, – ამბობს Lendo-ს საოპერაციო დირექტორი ირაკლი წურწუმია.

კომპანიაში ამჯობინებენ, გამოცდილების არმქონე კადრები მიიღონ და სწორად მუშაობა ასწავლონ, მათ შორის – კლიენტებთან ურთიერთობა და პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები.

“ჩვენმა თანამშრომლებმა კარგად იციან, რომ მსესხებელს უნდა გააცნონ სესხის პირობები, საპროცენტო განაკვეთი და გადავადების საკომისიო”, – ამბობს ირაკლი წურწუმია.

“Lendo, როგორც კარგი რეპუტაციის მქონე დამსაქმებელი, ყოველთვის ღიაა იმ ენერგიული, სხარტი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც კარიერის შექმნა სურთ. მე წარმოშობით სოხუმიდან ვარ და მსურს, რომ ოდესღაც მომეცეს საშუალება, ჩემს მშობლიურ მხარეშიც დავასაქმოთ ხალხი და გავხსნათ ფილიალები”, – გულისტკენით აღნიშნავს ირაკლი წურწუმია.

Lendo-ში მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და მზად არიან, ჩაერთონ სოციალურ პროექტებში, რათა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა შეძლოს იმაში გარკვევა, თუ საკუთარი შემოსავლიდან გამომდინარე, პროპორციულად რა რაოდენობის თანხა უნდა ისესხოს, რომ შემდეგ დაფარვა შეძლოს.

ვინაიდან პორტფელის გაუარესება კომპანიის ინტერესში ობიექტურად ვერ იქნება, სესხი ისედაც არ გაიცემა ნებისმიერ მსურველზე, ხოლო მაღალი რისკი, რომელიც სწრაფ სესხს თან ახლავს, ასახულია მის პროცენტში – “სწრაფი სესხი მაღალრისკიანი პროდუქტია, შესაბამისად, შედარებით ძვირი ღირს”, – ამბობს საოპერაციო დირექტორი ირაკლი წურწუმია.

მიუხედავად ამისა, Lendo-ს მენეჯერებს სჯერათ, რომ სწრაფი სესხების სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ფაქტია, პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია და სექტორის მხრიდანაც არის მზაობა გარკვეული რეგულაციებისთვის. “მთავარი ბიზნესისადმი სწორი მიდგომაა” , – ამბობს ირაკლი წურწუმია, რომელსაც მიაჩნია, რომ ფული უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სწორად ხარჯვის კულტურა აქვს.