ნავთობკომპანია Saudi Aramco აცხადებს, რომ გასულ წელს მისი მოგება მკვეთრად შემცირდა და ამის მიზეზი ლოქდაუნების გამო გლობალურად ნავთობზე შემცირებული მოთხოვნა გახდა. კერძოდ, კომპანიაში ამბობენ, რომ 2020 წელს მათი შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 45%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, კომპანიის სარგებელმა $49 მილიარდი მაინც შეადგინა. შეგახსენებთ, Saudi Aramco მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, მისი უმსხვილესი მეწილე კი თავად საუდის არაბეთის მთავრობაა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2020 წელი უახლეს ისტორიაში ყველაზე მეტი გამოწვევით დატვირთული წელი იყო.
ცნობისთვის, პანდემიის წელს ნავთობის ფასი თითქმის ხუთჯერ შემცირდა გამომდინარე იქიდან, რომ შეჩერდა მოგზაურობები, დაიხურა ინდუსტრიები, შეიზღუდა აქტივობები და, შესაბამისად, მოთხოვნაც საწვავსა და ენერგორესურსებზე.
Saudi Aramco-ს გარდა, სხვა მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლებმაც მკვეთრად დაიკლო, მათ შორის, Royal Dutch Shell-ისა და BP-ის, ხოლო ამერიკულმა Exxon Mobil-მა განაცხადა, რომ მან გასული წელი ზარალით დაასრულა.
ნავთობზე ფასის აღდგენა გასული წლის ბოლოს, დეკემბერში დაიწყო, რა დროსაც „ბრენტის“ ტიპის საწვავის ფასი $64.53 გახდა. საწვავზე ფასის მატება ვაქცინაციის დაწყებამ განაპირობა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ აზიის რეგიონში საწვავზე მოთხოვნა იზრდება, პოზიტიური ტენდენციებია მსოფლიოს სხვა ნაწილშიც. ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვინაიდან მთავრობები ნელ-ნელა ხსნიან ეკონომიკებს“, – განაცხადა Saudi Aramco-ს აღმასრულებელმა ამინ ნასერმა.
თუმცა, კომპანია სხვა გამოწვევების წინაშეა. Saudi Aramco-ს ორ ობიექტზე ბოლო დროს საუდის არაბეთის იემენის ომში მონაწილეობის საპასუხოდ არაერთი თავდასხმა განხორციელდა. გასულ კვირას მაგალითად ერ-რიადში ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში ხანძარიც გაჩნდა. ამინ ნასერის თქმით, ობიექტის მუშაობა რამდენიმე საათშივე აღადგინეს. კომპანია საგანგებო გეგმას იყენებს, რათა თავდასხმის მსგავს შემთხვევებს გაუმკლავდეს.