Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებით განთავსებას გეგმავს

Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებით განთავსებას გეგმავს

მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ნავთობმომპოვებელი კომპანია, Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებით განთავსებას გეგმავს – The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუბარია $50 მილიარდის მოზიდვაზე, რაც, არსებული შეფასებით, კომპანიის 2.5%-იან წილს შეესაბამება.

როგორც ირკვევა, ამ თემაზე Saudi Aramco-მ კონსულტაციები უკვე გამართა: დამატებითი დალისტვა, სავარაუდოდ, ამა წლის მიწურულს ან შემდეგი წლის დასაწყისში, ელ-რიადის საფონდო ბირჟაზე მოხდება – ამასთანავე, მოსალოდნელია მეორეული დალისტვაც. აღსანიშნავია, რომ თუკი ეს გარიგება შედგება, ის ისტორიაში უმსხვილესი იქნება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Saudi Aramco-ს წილების გასხვისება საუდის არაბეთს უკვე დიდი ხანია, რაც სურს – ამგვარად მოზიდული კაპიტალის დაბანდებას ისინი სხვა სფეროებში შეძლებენ. ცნობისთვის, საფონდო ბირჟაზე Saudi Aramco პირველად 2019 წელს გავიდა, როცა კომპანიის 1.5%-იანი წილის სანაცვლოდ, $25.6 მილიარდი მოიზიდა. ეს დალისტვა მსოფლიოში უმსხვილესი გახლდათ – აქამდე ამ ტიტულს Alibaba-ს დალისტვა იკავებდა, რომელიც 2014 წელს მოხდა.

გასულ წელს, Saudi Aramco-მ Apple-ს გადაასწრო და მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი კომპანია გახდა. 2021 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, ნავთობმომპოვებელმა გიგანტმა $30.4 მილიარდის მოგება დაწერა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მოგების გაორმაგებას ნიშნავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *