საუდის არაბეთის პრინცი Saudi Aramco-ის 1%-იანი წილის გაყიდვას აპირებს

საუდის არაბეთის პრინცი Saudi Aramco-ის 1%-იანი წილის გაყიდვას აპირებს

საუდის არაბეთის პრინცი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს გლობალური ენერგეტიკული კომპანიის მიერ Saudi Aramco-ის 1%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით. მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდის თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებები ნავთობგიგანტ Saudi Aramco-ის გაყიდვების გასაზრდელად უმნიშვნელოვანესია. ცნობისთვის, პრინცი არ ასახელებს ენერგეტიკული კომპანიის სახელს, მაგრამ Reuters-თან ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ კომპანია დიდი სახელმწიფოს მფლობელობაშია.

Saudi Aramco-ის წარმომადგენლების თანახმად, აქციების საზოგადოებრივი ინვესტიციების ფონდისთვის გადაცემაც განიხილება. აღნიშნული Saudi Vision 2030-ის გეგმის ნაწილია, რომელიც გულისხმობს საუდის არაბეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციას ნავთობდამოკიდებულების შემცირების მიზნით. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი Saudi Aramco-ის აქციების 98%-ზე მეტს ფლობს.

საუდის არაბეთის პრინცი ინტერვიუში ასევე აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობებსაც შეეხო. პრინცის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციასთან 90%-ზე მეტ საკითხზე თანხმდება, ხოლო დარჩენილი 10%-ის სხვაობის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად მუშაობენ როგორც აშშ-ში, ისე საუდის არაბეთში. ალ საუდის განცხადებით, სტრატეგიულ პარტნიორთან ინტერესების განმტკიცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.